ეფრემ ურუმაშვილი - კრიპტობაზრები 24 საათის განმავლობაში ღიაა და შეგიძლიათ, ნებისმიერი ვალუტა ნებისმიერ დროს იყიდოთ, ან გაყიდოთ
ეფრემ ურუმაშვილი - კრიპტობაზრები 24 საათის განმავლობაში ღიაა და შეგიძლიათ, ნებისმიერი ვალუტა ნებისმიერ დროს იყიდოთ, ან გაყიდოთ

ბლოკჩეინი ციფრული ჩანაწერების ერთი დიდი წიგნია და არის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო, ვალიდური, გამჭვირვალე და დაცული სააღრიცხვო სისტემა, სადაც ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის, აქციებისა და უძრავი ქონების შენახვა შეგიძლიათ, – განაცხადა ფინანსისტმა, ეფრემ ურუმაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს ბლოკჩეინი დაეჰაკერებინოს. იქ არ შეიძლება რამე სახის კორუფციული, ან ამდაგვარი ურთიერთობების განხორციელება, რადგან ბლოკჩეინში ერთი არაავტორიზებული შეღწევა, ერთი და იგივე ინფორმაციის დაბლოკვას დაახლოებით, 10 000 კომპიუტერში იწვევს, რაც ამ ინფორმაციის წაშლას, ან შეცვლას შეუძლებელს ხდის“, – განაცხადა ურუმაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ტექნიკურად, როგორ უნდა შეიძინოს, ან გაყიდოს მსურველმა კრიპტოვალუტა, ეფრემ ურუმაშვილმა თქვა, რომ არსებობს ვოლეტები, ე.წ საფულეები, სადაც ანგარიში იხსნება და ფულის ანგარიშზე მოხვედრის შემდეგ, კონკრეტული ვალუტის შეძენა–გაყიდვა კონკრეტულ ბირჟაზეა შესაძლებელი.

„ეს დაახლოებით, ისეთივე ანგარიშებია, როგორიც ბანკში არსებობს. აფიქსირებ სრულ ინფორმაციას, თუ ვინ ხარ შენ და ვალიდაციის გავლის შემდეგ, ფულს კონკრეტულ საფულეში რიცხავ. ფულის ანგარიშზე მოხვედრის შემდეგ, თქვენ უფლება გაქვთ, კონკრეტულ ბირჟაზე კონკრეტული ვალუტა შეიძინოთ. გაყიდვაც ასევე მყისიერად, წამიერად ხდება. კრიპტობაზრები არ იკეტება. ისინი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში ღიაა და შეგიძლიათ, ნებისმიერი ვალუტა ნებისმიერ დროს იყიდოთ, ან გაყიდოთ“, – განაცხადა ფინანსისტმა.

მისი თქმით, როცა ფულის ინვესტირებას ვაკეთებთ, უნდა ვიცოდეთ, მას რა სახის საფულეში ვდებთ. ამიტომ, აღიარებული საფულეები, ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ვოლეტები უნდა გამოვიყენოთ.

„თუ საფულე ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის, ან იაპონურია, თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოა, მაგრამ საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს, საფულე ლიცენზირებული იყოს. არსებობს უმსხვილესი ლიცენზირებული „ვოლეტი“, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი აქვს მინიჭებული და ევროკავშირის წესების მიხედვით რეგულირდება“, – განაცხადა ურუმაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რისი ყიდვა შეუძლია კრიპტოვალუტის მფლობელს, ეფრემ ურუმაშვილმა განაცხადა, რომ დღეს გადახდის ყველაზე გავრცელებული საშუალება ბიტკოინია, რომლითაც იაპონიის მსხვილი მაღაზიების ქსელში, მათ შორის, „დუტი ფრიში“ ნებისმიერი რაღაცის შეძენა შეიძლება.

„ბიტკოინით ასევე შეგიძლიათ, შვეიცარიის რკინიგზაში ბილეთის შეძენა. ასევე, „ამაზონი“ მუშაობს პროექტზე, რომ ბიტკოინი ერთ–ერთ საგადამხდელო ინსტრუმენტად ჩადოს, ისევე, როგორც ფეიფალი. ტექნიკის, ან სერვისის გამყიდველი ყველა მსხვილი კომპანია ფიქრობს, გადახდის საშუალებად ციფრული ვალუტები შემოიღოს. ეს დროის ამბავია და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, საქონლის, ან სერვისის შეძენა სხვა ვალუტებითაც გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.