ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა და განმარტა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულისა და მიმალვის საშიშროება.
სასამართლომ გადაწყვეტილება ცხრა პირთან დაკავშირებით მიიღო, ერთი პირი კი, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვისთვიის უკვე იმყოფება პატიმრობაში. ამასთან ბრალდებულთაგან სამი პირი თურქეთში იმყოფება და მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
დაცვის მხარე დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობს. ადვოკატ თამარ აბესაძის თქმით, ბრალდების მხარემ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. კიდევ ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე.
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და პასუხისგებაში მისცა 10 პირი. გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
დანაშაულები სამიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.