შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და პასუხისგებაში მისცა 10 პირი
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და პასუხისგებაში მისცა 10 პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, ხოლო ოთხი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულნი არიან: 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ს., 1976 წელს დაბადებული ვ.წ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.დ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჩ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ქ., 1982 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პატიმრობაში მყოფ მ.მ.-ს კი ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

ასევე, შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ, საზღვარგარეთ მყოფ ორ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ხონსკის“, 1963 წელს დაბადებულ თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“ და „ქურდული სამყაროს“ წევრს –  1983 წელს დაბადებულ რ.პ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და მათი ძებნილად გამოცხადების მიზნით, ტარდება შესაბამისი პროცედურები.

ჯეირან კინწურაშვილსა და  თამაზ ქარცივაძეს ბრალი ედებათ „კანონიერ ქურდობაში“,  რ.პ.-ს, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, ლ.დ.-ს., ი.ა.-ს და მ.მ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ვ.წ.-ს – „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, ხოლო ა.ს.-ს  – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბრალდებულების ნაწილი – „ქურდული სამყაროს“ წევრები, ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში, მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ.

აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ჯეირანას“ და თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“, რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოაწყეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

დანაშაულები სამიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი