ე.წ ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებული გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვით განახლდება
სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა დღეს განახლდება. პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლებს მსჯავრდებული გიორგი მამალაძე.
ბრალდებულის ადვოკატს იმედი აქვს, რომ სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძეს გაამართლებს. რამიშვილის განცხადებით, თუ სასამართლო ისევ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად დეტალურად აქვს მამა გიორგის ყველა ის არგუმენტი მომზადებული, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებს, რომ ის უდანაშაულოა და რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უსამართლოა. ვიმედოვნებ, თუ საქართველოში მართლმსაჯულება არსებობს, სააპელაციო სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მეორე ინსტანცია განიხილავს, როგორც მთავარი პროკურატურის, ასევე ადვოკატების სარჩელს. პროკურატურა ასაჩივრებს წარდგენილი ბრალდების მოტივის ცვლილებას.
თავდაპირველად, დეკანოზს ბრალად ედებოდა შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება. საქალაქო სასამართლომ კი დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის შურისძიებით მომზადებაში ცნო დამნაშავედ.
რაც შეეხება ადვოკატების სარჩელს – დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის, გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს.
პროცესი დღეს 13:30 ზე არის ჩანიშნული.