შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიასთან დღეს ამ სახეობის წარმომადგენელთა ჯგუფი შეიკრიბა – მათ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს დაუჭირეს მხარი და 10 მაისს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის გამართვა დააანონსეს.
შეკრებილთა სახელით განცხადება ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის წარმომადგენელმა, ბერდია გუგავამ წაიკითხა.
„ძიუდოს სამყარო ერთი ოჯახივით არის და აქ გათიშულობა დაუშვებელია. დავით ქევხიშვილის დროს ძიუდოს საკუთარი დარბაზი გადაეცა, რაზეც წლები ვოცნებობდით და ბევრი სხვა კარგი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, „ტოკიო 2020“ იკმარებს, რომლითაც უამრავი ბავშვი ვარჯიშობს. დაგროვილ პრობლემებზე ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. 10 მაისს, ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება და მოვუწოდებთ ნაკრების წევრებს, რომ მოვიდნენ და საკითხები ისე განვიხილოთ, როგორც ეს ერთ ოჯახს შეეფერება. ქართულ ძიუდოში მიტინგების გამართვის დრო არ არის“, – ნათქვამია ქევხიშვილის მხარდამჭერი ძიუდოისტების განცხადებაში.
ძიუდოისტებმა ქევხიშვილის გადადგომა გუშინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქცია დღეს ვაკის პარკში გამართეს. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
სპორტსმენ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.
ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.