ძიუდოისტები „ვაკის პარკში“ აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომაა.
როგორც სპორტსმენმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, მათი მხარდამჭერთა მასშტაბები იზრდება და რეგიონებში მცხოვრები ძიუდოისტებიც იზიარებენ მათი პროტესტის მოტივს.
„ჩვენი სამოქმედო გეგმა ის არის, რომ დავით ქევხიშვილი ფედერაციიდან უნდა წავიდეს. ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, რამდენად ჩაიგდებს თავს ისეთ სიტუაციაში, რომ სამარცხვინოდ წავიდეს ფედერაციიდან“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრმა ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ 5 მაისს მოუწოდა.
სპორტსმენ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტები წყვეტენ ვარჯიშს და არ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს.
ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.