ძაღლებს შესაძლოა, ადამიანთა სიტყვები საკმაოდ კარგად ესმით - ახალი კვლევა
თქვენს ოთხფეხა მეგობარს როდესაც ეუბნებით სიტყვას „თაგვი“, საინტერესოა, ისინი მართლაც ამ მღრღნელს წარმოიდგენენ თუ უბრალოდ თქვენი ხმის ტონს ან ჟესტებს ეპასუხებიან?
მეცნიერები თითქმის დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმე ეხებოდა სწორედ ხმასა და ჟესტებს, რადგან ცნობილია, რომ სახეობებს შორის ენის აღქმა ურთულესია. თუმცა, როგორც ახალი კვლევა იუწყება, ძაღლებს შესაძლოა, ადამიანთა ზოგიერთი სიტყვები ესმოდეთ.
ფუნქციურ მაგნიტო-რეზონანსულ სკანერში მოთავსებული ძაღლების ტვინის აქტივობის ანალიზისას, ტვინის განსხვავებული მახასიათებლები გამოიკვეთა მაშინ, როცა ძაღლები ნაცნობ და სრულიად ახალ სიტყვებს ისმენდნენ.
ეს საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ ძაღლები მართლაც ციყვს წარმოიდგენენ ამ სიტყვის გაგონებისას. მაგრამ როგორც ჩანს, თავად სიტყვაზე დაყრდნობით, ხდება გარკვეული სახის ამოცნობა.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმის გასარკვევად, თუ როგორ ახდენენ ძაღლები ენის შეცნობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კვლევა იყენებს თავად ძაღლებისგან შეგროვებულ მონაცემებს და არა მათ პატრონებზე დაკვირვებას.
ატლანტის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის, გრეგორი ბერნსის თქმით, აქამდეც ცნობილი იყო, რომ ძაღლებს ადამიანთა ენის სულ მცირე გარკვეული ასპექტების დამუშავება შეუძლიათ, რადგან მათ შესწევთ ვერბალურ ბრძანებათა დამორჩილების სწავლის უნარი.
კვლევისათვის სხვადასხვა ჯიშის 12 ძაღლი გამოიყენეს. პატრონები მათ რამდენიმე თვის განმავლობაში ასწავლიდნენ ორ ობიექტს შორი განსხვავების პოვნას. კერძოდ, პატრონისთვის მათ ის ობიექტი უნდა მიეტანათ, რომელსაც ეტყოდნენ.
მას შემდეგ, რაც ძაღლებმა ზუსტად ისწავლეს შესაბამის ობიექტთა ამოცნობა, მკვლევრებმა ისინი ფუნქციურ მაგნიტო-რეზონანსულ სკანერის ექსპერიმენტში ჩართეს.
სკანერთან მდგომ პატრონებს მეცნიერები იმ ობიექტთა სახელების წარმოთქმას სთხოვდნენ, რომლებიც ძაღლებს ნასწავლი ჰქონდათ. გარდა ამისა, მათ უნდა წარმოეთქვათ ის სიტყვებიც, რომლებიც ძაღლებს არასოდეს ჰქონდათ გაგონილი.
შედეგების შეჯამებისას გაირკვა, რომ ძაღლებში ტვინის აქტივობა იზრდებოდა მაშინ, როდესაც მათ ახალი სიტყვები და ობიექტები ესმოდათ.
მკვლევართა თქმით, შესაძლოა, ასე იმიტომ იყო, რომ ძაღლებს პატრონისთვის სიამოვნება სურდათ და ტვინს ძაბავდნენ, რათა წარმოთქმული გაეგოთ.
მეცნიერთა განცხადებით, ადამიანებში პირიქით არის, რადგან მათი ნევრული აქტივობა გაცილებით დიდია ნაცნობი სიტყვებისადმი, ვიდრე უცხო სიტყვების შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ტვინის აქტივობა ყველა ძაღლში ერთნაირი იყო ახალი სიტყვების გაგონებისას, ის ერთსა და იმავე ადგილებში როდი მიმდინარეობდა. ძაღლების ნახევარში აქტივობა დაფიქსირდა პარიერალურ ქერქში. მკვლევართა აზრით, ეს ბრძანებებს შორის განსხვავების პოვნის მიზნით უნდა ხდებოდეს.
ძაღლების მეორე ნახევარში ტვინის გაზრდილი აქტივობა ფიქსირდებოდა ყველგან — მარცხენა საფეთქლის ქერქში, ამიგდალაში, კუდიან ბირთვსა და თალამუსში.
მკვლევართა თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ძაღლები სხვადასხვა ჯიშის იყვნენ და თითოეულ მათგანს ბრძანებებში გარკვევის თავის ხერხი აქვს.
ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება, სანამ დარწმუნებით გვეცოდინება, მართლაც ესმით თუ არა ძაღლებს ჩვენი სიტყვები. მაგრამ როგორც ჩანს, ისინი საკმარისად ჭკვიანები არიან იმისათვის, რათა სულ მცირე ზოგიერთი სიტყვა ამოიცნონ.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Neuroscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.