საკუთარ სადილს ალბათ ხშირად უზიარებთ თქვენს ძაღლს, რაშიც არაფერია გასაკვირი, მაგრამ ჩნდება კითხვა — რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის განკუთვნილი საკვები თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის? ადამიანთა საკვების უმეტესობა ძაღლებისთვის სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული ძაღლებისთვის განსაკუთრებით საზიანო და საფრთხის შემცველია, შესაბამისად, აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი მათგანი შეგვიძლია ვუწილადოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს თამამად და რომელი არა.
ძაღლის საჭმლის მომნელებელი სისტემა ადამიანის სისტემისგან განსხვავდება და არასწორი საკვების მიღებამ შეიძლება მათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას, უკიდურეს შემთხვევებში კი სიკვდილიც გამოიწვიოს. ძაღლებს, როგორც ხორცისმჭამელებს, სრულიად არ აქვთ ხილისა და ბოსტნეულის ჭამის საჭიროება, მაგრამ თუკი მოსწონთ, რატომაც არა?
რომელი ხილი და ბოსტნეული შეგვიძლია ვაჭამოთ ძაღლებს თამამად და რომელია მათთვის კატეგორიულად მიუღებელი? გთავაზობთ ამერიკის მეძაღლეობის კლუბის მიერ შედგენილ სიას, რომლითაც შეგიძლიათ, თამამად იხელმძღვანელოთ. ამერიკის მეძაღლეობის კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული არაკომერციული კინოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც ჯერ კიდევ 1884 წელს არის დაარსებული.
ხილი, რომლის ჭამაც ძაღლისთვის დაშვებულია
✔️ ვაშლი
დიახ, ძაღლს ვაშლის ჭამა შეუძლია. ვაშლი თქვენი ძაღლისთვის A და C ვიტამინების, ასევე ბოჭკოს ბრწყინვალე წყაროა. ამ ხილში დაბალია ცილებისა და ცხიმების შემცველობა, რის გამოც ის უბადლო საკვებია ასაკოვანი ძაღლებისთვის. ოღონდ გაითვალისწინეთ, აუცილებლად გამოაცალეთ თესლები.
✔️ ბანანი
ზომიერების ფარგლებში, ბანანი დიდებული დაბალკალორიული საკვებია ძაღლებისთვის. მასში მაღალია კალიუმის, ვიტამინების, ბიოტინის (ვიტამინი H), ბოჭკოსა და სპილენძის შემცველობა. დაბალია ქოლესტერინისა და ნატრიუმის შემცველობა, მაგრამ შაქრის მაღალი შემცველობის გამო, ბანანი თქვენი ძაღლებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთგვარი ჯილდოს სახით და არა რაციონის ძირითად შემადგენლად.
✔️ მოცვი
მოცვი სუპერსაკვებია, განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ახდენს უჯრედების დაზიანების პრევენციას როგორც ადამიანებში, ისე ძაღლებში. სავსეა ბოჭკოთი და პითოქიმიური ნივთიერებებით. გსურთ, თქვენს ძაღლს ჰაერში ჯილდოს დაჭერა ასწავლოთ? სცადეთ მოცვი სუპერმარკეტში ნაყიდი ნივთების ნაცვლად.
✔️ დასტამბო
დასტამბო (კანტალუპი) სავსეა საკვები ნივთიერებებით, არის დაბალკალორიული და დიდებული წყარო ბოჭკოსა და წყლის მისაღებად. თუმცა, შეიცავს დიდი ოდენობით შაქარს და საჭიროა ზომიერება, განსაკუთრებით ჭარბწონიანი და დიაბეტიანი ძაღლების შემთხვევაში.
✔️ კიტრი
კიტრი განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარბწონიანი ძაღლებისთვის, რადგან თითქმის არ შეიცავს ნახშირწყლებს, ცხიმებს, მაგრამ ზრდის ენერგიის დონეს. შეიცავს K, C და B1 ვიტამინებს, კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმსა და ბიოტინს.
✔️ ფორთოხალი
ფორთოხალი ძაღლებისთვის საკმაოდ სასარგებლოა, მაგრამ მძაფრსუნიანი ციტრუსები მათ დიდად არ მოსწონთ. ფორთოხალი C ვიტამინის, კალიუმისა და ბოჭკოს ბრწყინვალე წყაროა. ვეტერინარები გვირჩევენ, რომ ძაღლებს მივცეთ ფორთოხლის მხოლოდ რბილობი, კანისა და თესლების გარეშე.
✔️ ატამი
ატამი ძაღლებისთვის სრულიად უსაფრთხოა. მცირე ოდენობით გაფცქვნილი ატამი ბოჭკოსა და A ვიტამინის დიდებული წყაროა. ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაშიც, მაგრამ ალუბლის მსგავსად, ატმის კურკები ციანიდს შეიცავს. იგივე არ ითქმის დაკონსერვებულ ატამზე, რადგან როგორც წესი, მასში მაღალია შაქრის შემცველობა.
✔️ მსხალი
მსხალი იდეალურია წასახემსებლად, რადგან დიდი ოდენობით შეიცავს სპილენძს, ბოჭკოს, C და K ვიტამინებს. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ხილის ჭამა 50 პროცენტით ამცირებს ინსულტის რისკს. არ დაგავიწყდეთ თესლების გამოცლა, რადგან ისიც ციანიდს შეიცავს. მოარიდეთ დაკონსერვებულ, შაქრიან მსხალს.
✔️ ანანასი
რამდენიმე ნაჭერი ანანასი ძაღლისთვის დიდებული ჯილდოა. თუმცა, აუცილებლად მოაცალეთ ეკლები და ფოთლები. ეს ტროპიკული ხილი სავსეა ვიტამინებით, მინერალებითა და ბოჭკოთი. ასევე შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რის გამოც, ძაღლებისთვის განსაკუთრებით ადვილია ანანასისგან ცილების ათვისება.
✔️ ჟოლო
ზომიერი ოდენობის ჟოლო ძაღლისთვის სასარგებლოა. შეიცავს ძაღლებისთვის ძლიერ მარგებელ ანტიოქსიდანტებს. დაბალი აქვს შაქრისა და კალორიების შემცველობა, მაგრამ დიდი ოდენობით შეიცავს ბოჭკოს, მანგანუმსა და C ვიტამინს. ჟოლო განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვანი ძაღლებისთვის, რადგან აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც დიდად ეხმარება დაბერებულ სახსრებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჟოლო შეიცავს მცირე ოდენობით ქიმიურ ნაერთ ქსილიტს. ძაღლებისთვის ჟოლოს რეკომენდებული დღიური ნორმა არის ერთ ფინჯანზე ცოტა ნაკლები.
✔️ მარწყვი
მარწყვი სავსეა ბოჭკოთი და C ვიტამინით; ამავე დროს შეიცავს ფერმენტს, რომელიც ძაღლის კბილებს ათეთრებს. შეიცავს შაქარს და შესაბამისად, დაიცავით ზომიერება.
✔️ საზამთრო
თავისუფლად შეგიძლიათ თქვენს ძაღლს საზამთროც აჭამოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ კურკების გამოცლა, რადგან შესაძლოა, ისინი ნაწლავებში გაიჭედოს. Სავსეა კალიუმით, A, B-6, და C ვიტამინებით. საზამთროს 92 პროცენტი წყალია და შესაბამისად, დიდებული გზაა, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ზაფხულის ცხელ დღეებში გაუწყლოებისგან დაიცვათ.
ხილი, რომლის ჭამაც ძაღლისთვის დაუშვებელია
❌ ბალი/ალუბალი
ბლისა და ალუბლის კურკები ციანიდს შეიცავს, რომელიც ძაღლებისთვის ტოქსიკურია. ციანიდი ხელს უშლის უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას. თუ თქვენმა ძაღლმა ეს ხილი მაინც შეჭამა, შემდეგ კი ღრძილები გაუწითლდა და დაეწყო სუნთქვის გართულება, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ციანიდით მოწამვლასთან.
❌ ყურძენი
არასოდეს მისცეთ ძაღლს ყურძენი. ყურძენი და ქიშმიში ერთნაირად ტოქსიკურია ყველა ჯიშის, სქესისა და ასაკის ძაღლისათვის. ასეთი მომწამვლელობის მიზეზი ის არის, რომ ყურძენს შეუძლია გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ძაღლისა და ყურძნის ურთიერთობისას ყოველთვის გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე.
❌ პომიდორი
მიუხედავად იმისა, რომ მწიფე პომიდორი ძაღლებისთვის უსაფრთხოა, მისი მწვანე, მკვახე ნაწილები შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერება სოლანინს. მართალია, ძაღლმა ძალიან დიდი ოდენობით პომიდორი უნდა ჭამოს, რომ ავად გახდეს, მაგრამ უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილია, ის საერთოდ მოარიდოთ.
ბოსტნეული, რომლის ჭამაც ძაღლისთვის დაშვებულია
✔️ ბროკოლი
ძალიან მცირე ოდენობით ბროკოლი ძაღლისთვის უსაფრთხოა. მდიდარია ბოჭკოთი და C ვიტამინით, დაბალი აქვს ცხიმის შემცველობა. თუმცა, ბროკოლის ციცქნა ყვავილები შეიცავს იზოტიოციანატებს, რამაც შეიძლება, ზოგიერთ ძაღლში კუჭის საშუალო ან მძიმე გაღიზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ბროკოლის ღეროები შეიძლება ძაღლს საყლაპავში გაეჭედოს.
✔️ ბრიუსელის კომბოსტო
ბრიუსელის კომბოსტო მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ერთნაირად სასარგებლოა როგორც ძაღლის, ისე ადამიანისთვის. თუმცა, არ აჭამოთ თქვენს ძაღლს ის დიდი რაოდენობით, რადგან შეიძლება გამოყოს ბევრი გაზი. ძაღლებისთვის ასევე უსაფრთხოა ჩვეულებრივი კომბოსტო, მაგრამ ისიც ხასიათდება გაზებით.
✔️ სტაფილო
სტაფილო ბრწყინვალე, დაბალკალორიული საკვებია; ამავე დროს მდიდარია ბოჭკოთი და ბეტა-კაროტინით, რომელიც A ვიტამინს აწარმოებს. გარდა ამისა, ეს დიდებული ბოსტნეული სასარგებლოა თქვენი ძაღლის კბილებისთვისაც.
✔️ ნიახური
გარდა A, B და C ვიტამინისა, ეს მწვანილი შეიცავს გულის ჯანმრთელობისათვის საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც ამავე დროს ებრძვის კიბოსაც. გარდა ამისა, ნიახური აჯანსაღებს ძაღლის სუნთქვასაც.
✔️ მწვანე ლობიო
დაკეპილი, ორთქლზე მოხარშული, ნედლი თუ დაკონსერვებული — ყველა ტიპის მწვანე ლობიო ძაღლისთვის უსაფრთხოა, მიუშვით ნებაზე, ჭამონ, რამდენიც უნდათ. მწვანე ლობიო სავსეა მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მინერალებით, ისევე როგორც ბოჭკოთი; ამავე დროს, არის დაბალკალორიული.
✔️ ბარდა
ძაღლისთვის ყველა სახის ბარდა უსაფრთხოა. შეიცავს რამდენიმე მინერალს, ვიტამინებს, მდიდარია ცილითა და ბოჭკოთი. თუმცა, არ მისცეთ ძაღლს დაკონსერვებული ბარდა, რადგან მასში სოდას იყენებენ.
✔️ ისპანახი
ძაღლები ისპანახს ჭამენ, მაგრამ ნამდვილად არ გახლავთ საუკეთესი ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ, მათ უწილადოთ. ისპანახი მდიდარია მჟაუნმჟავათი, რომელიც ორგანიზმს კალციუმის შთანთქმის უნარს უბლოკავს და შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება. თუმცა, იმისათვის, რათა ეს პრობლემა შეექმნას, თქვენმა ძაღლმა ძალიან დიდი ოდენობით ისპანახი უნდა მიირთვას.
ბოსტნეული, რომლის ჭამაც ძაღლისთვის დაუშვებელია
❌ სოკო
ველური სოკო შეიძლება შხამიანი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი 50 000-მდე სოკოს სახეობიდან მხოლოდ 50-100-ია შხამიანი, შეიძლება, თქვენმა ძაღლმა სწორედ ეს უკანასკნელი მიირთვას. სუპერმარკეტებში ნაყიდი თეთრი სოკო უსაფრთხოა, მაგრა მაინც თავის შეკავება სჯობს.
❌ ხახვი
ხახვი და პრასი ალიუმის ოჯახის წარმომადგენელი მცენარეებია, რომლებიც ცხოველთა უმეტესობისთვის მომწამვლელია, განსაკუთრებით კი კატებისთვის. ხახვის ჭამამ თქვენს ძაღლს შეიძლება დაუზიანოს სისხლის წითელი უჯრედები, გამოიწვიოს ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი. ხახვით მოწამვლა განსაკუთრებით სერიოზულად ვლინდება იაპონურ ჯიშებში, მაგალითად, აკიტასა და შიბა-ინუში, მაგრამ ზოგადად, ხახვი ყველა ძაღლისთვის საზიანოა.
მომზადებულია akc.org-ის მიხედვით.