პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში საქართველოს ისტორიული დროშების გამოფენა გაიმართება
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარადგენს საქართველოს ისტორიული სიმბოლოების, დროშების გამოფენას, რომლებიც რეკონსტრუირებულია XIV-XVII საუკუნეების ევროპელი კარტოგრაფების მიერ შედგენილი საზღვაო რუკების – პორტოლანების მიხედვით.
გამოიფინება საქართველოს დედაქალაქ თბილისის, ასევე საზღვაო პორტების – სოხუმისა და ფოთის თავზე აღმართული სახელმწიფო და სამხარეო ისტორიული დროშები, აგრეთვე 1918 – 1921 წლების საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები.
თითოეულ ექსპონატს თან ახლავს პლანშეტები შესაბამისი გრაფიკული გამოსახულებითა და ანოტაციით.
გამოფენილ რუკებს შორისაა:
1325 წ. გენუელი პიეტრო ვესკონტეს პორტოლანი (საზღვაო რუკა), დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან; სოხუმის და ფოთის თავზე აღმართული დროშები;
1367 წ. ვენეციელი ძმების ფრედერიკო და დომენიგო პიციგანების პორტოლანი, პარმის ბიბლიოთეკიდან; თბილისის თავზე აღმართული დროშა;
1339 კატალონიელი ანჯელინო დულჩერის პორტოლანი; პარმის ბიბლიოთეკიდან. თბილისის და ცხუმის (სებასტოპოლისის) თავზე აღმართული დროშები;
1329 -1350წწ. კატალონელი ანჯელინო დულჩერის პორტოლანი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან; სოხუმის თავზე აღმართული დროშა;
1447 წ. – კატალონიელი გაბრიელ ვალსეკას პორტოლანი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან. ქალაქ სუხუმის (სებასტოპოლისი) თავზე აღმართული დროშა;
1385წ. – გულიემ სოლერის პორტოლანი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან; ქალაქ სუხუმის (სებასტოპოლისი) თავზე აღმართული დროშა;
1559 წ. დიეგო ომემის საზღვაო რუკა პარიზის ბიბლიოთეკიდან, სამეგრელოს სამთავროს დროშა;
1561წ. დიეგო ომემის პორტოლანი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან. სამეგრელოს სამთავროს დროშა და სხვა.
თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.