თეიმურაზ გორჯესტანი - სალომე ზურაბიშვილი იქნება არამარტო ოჯახისა და მხარდამჭერების, არამედ მთელი ქვეყნისა და ისტორიის სიამაყე
თეიმურაზ გორჯესტანი - სალომე ზურაბიშვილი იქნება არამარტო ოჯახისა და მხარდამჭერების, არამედ მთელი ქვეყნისა და ისტორიის სიამაყე

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი, სიმბოლური იყო, რომ ინაუგურაცია მოხდა თელავში, სადაც არ მიიღო ხმების უმრავლესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა.

„დღეს დაგითმეთ დედა. დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყეა. დიდი ემოციური მომენტია. ეს საქართველოს ისტორიაში და ემიგრაციის ისტორიაში ნიშნავს, რომ ემიგრანტების მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში და ამ მომენტში, მართალი რომ გითხრათ, ჩემს ბებიასა და ბაბუაზე ვფიქრობდი ბევრს. ამ მომენტში მგონია, რომ ყველა ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და რაც არის ალბათ ჩვენი ოჯახისა და ამ ქვეყნისთვის მთავარი – ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მათ შორის მათიც, ვინც ხმა არ მისცა.

„ეს იყო ევროპული ნაბიჯი, რომ საქართველო გამთლიანდეს და განვითარდეს როგორც ევროპული, დამშვიდებული, გამთლიანებული ქვეყანა. მან თქვა, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი. სიმბოლური იყო, რომ ინაუგურაცია მოხდა თელავში, სადაც არ მიიღო ხმების უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძლიერი პრეზიდენტი, იქნება არამარტო ოჯახისა და მხარდამჭერების სიამაყე, არამედ მთელი ქვეყნისა და ისტორიის სიამაყე“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.