დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების გამოკითხვა დაასრულა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გლდანის მერვე საპყრობილეში ამ საქმეზე გასამართლებული არასრულწლოვნები გამოკითხა.
მსჯავრდებული გ.ბ.-ს ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დეპუტატებს დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებზე უამბო. მან კომისიის წევრებს განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ რამდენიმე საათი ადვოკატის გარეშე იყო და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.
ეს ის მსჯავრდებულია, რომელიც სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.
„რაც სასამართლოში თქვა, ზუსტად ის თქვა დღესაც. თავად მან მოითხოვა, რომ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე დაიწყონ გამოძიება. ეს ეხება მასზე ზეწოლას, როცა პოლიციაში წაიყვანეს და სამი საათი მარტო ჰყავდათ, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა პოლიციის მხრიდან. ეს იყო ძველი თბილისის სამმართველოში. კომისიას რეალობა აინტერესებდა, რა და როგორ მოხდა. ყველა დეტალს შეეხო კომისია და არაერთი კითხვა დაუსვეს“, – აღნიშნა ინგა შარაშენიძემ.