დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძა ივანე ნაკაიძე გამოკითხა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა ივანე ნაკაიძე გამოკითხა.
კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარიდან მალევე, დეკემბრის პირველ დღეებში ის შსს-ში იმყოფებოდა.
კომისიის წევრის ოთარ კახიძის თქმით, მისი გავლენის გათვალისწინებით ბიზნეს სექტორში, მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო მისი როლი ამ საქმეში.
„ის იმყოფებოდა დეკემბრის პირველ რიცხვებში შსს-ში და მისი ვიზიტის შემდგომ გამოცხადდა მსჯავრდებული გ.ჯ. პოლიციაში. უამრავი კითხვა არსებობს ამ საკითხის ირგვლივ, თუ სად იმყოფებოდა გ.ჯ. პირველი დეკემბრის საღამოდან 4 დეკემბრამდე, ხომ არ იგეგმებოდა ან ხომ არ მომხდარა მისი გადაყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ; რატომ არ თანამშრომლობდა იგი გამოძიებასთან, არ აძლევდა ინფორმაციას პოლიციას, სასამართლოს ბოლო ეტაპამდე. აგრეთვე, კითხვები, რომელიც უკავშირდება მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე ინფორმაციას, აგრეთვე მსჯავრდებულის ოჯახის შესაძლო კავშირს ბერა ივანიშვილთან და ოთარ ფარცხალაძესთან – ეს იყო კითხვები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, რომელიც საგამოძიებო კომისიის წევრებმა დასვეს, რადგანაც ჩვენი ინტერესი საქმის ობიექტური გამოძიებაა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
რაც შეეხება კითხვებზე პასუხებს, ოთარ კახიძე ამის შესახებ არ საუბრობს.
„რაც შეეხება პასუხებს, ამასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, ყველა კითხვა იყო დასმული და პასუხები რამდენად თანხვედრაშია საქმის სხვა მასალებთან, სხვა ინფორმაციებთან, ამაზე ვერ გეტყვით. ეს ახსნა-განმარტება არის ოფიციალური, ცრუ ახსნა განმარტებისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კახიძემ.
კომისიის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მოწმე საქმის დეტალებზე ინფორმაციას ნაკლებად ფლობს.
„მისი ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, რამე განსაკუთრებული სიახლე არ გაგვიგია. მან გვითხრა, რომ ჰქონდა შეხვედრა შსს ხელმძღვანელობასთან. როგორც გვიყვება, იქ გაიგო მისი დისშვილის მონაწილეობის შესახებ და მისი რეკომენდაცია ოჯახის მიმართ იყო, რომ ის ჩაბარებულიყო პოლიციას და ეთანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან.
ამის გარდა, უწყებაში იყო ორჯერ, სადაც ჩვენებები მისცა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბიძამ გაგვაცნო“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.