დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არ აკონკრეტებენ, ვის მიმართ ან რა ახალი ვერსია გამოიკვეთა ხორავას ქუჩის საქმეზე 
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არ აკონკრეტებენ, ვის მიმართ ან რა ახალი ვერსია გამოიკვეთა ხორავას ქუჩის საქმეზე 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთი კონკრეტული ვერსია გამოიკვეთა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან მოკლე დროში უნდა გადაამოწმოს და შედეგები საზოგადოებას აცნობოს, – ამის შესახებ  დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კომისიის ფარგლებში მასალების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ არ ჩატარებულა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და არ დაკითხულან მოწმეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში მასალების შესწავლისას, ნათლად დავინახეთ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა, მთელი რიგი მოწმეების დაუკითხაობა თავის დროზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ეს ნიშნავდა, რომ გამოძიებას არ ჰქონდა გადამოწმებული ყველა ვერსია მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომელმაც თვეები დაკარგა იმისთვის, რომ ეს ვერსია უკვე გადამოწმებული, დადასტურებული ან უარყოფილი ჰქონოდა, ველოდებით რაც შეიძლება სწრაფად გადაამოწმოს აღნიშნული ვერსია, გადაამოწმოს ფაქტები და გარემოებები და საზოგადოებას აცნობოს შედეგების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ვის მიმართ გამოიკვეთა ახალი გარემოება და ხომ არ არის ეს პირი მ.კ, აბესაძე კონკრეტულ ფიგურანტებს არ ასახელებს.

„რაც შეეხება კონკრეტულ ფიგურანტებს, ვის მიმართ, ან რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ ახალ გარემოებებზე, ახალ ვერსიებზე, ამაზე დღეს  საუბრისგან თავს შევიკავებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაძლევთ შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დაასრულოს ამ ვერსიაზე მუშაობა და შედეგები  საზოგადოებას აცნობოს“, – განაცხადა აბესაძემ.

მისი თქმით, საქმეზე არსებობს ახალი კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული ვერსია.

„ამ გარემოების გადამოწმებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ძალიან მოკლე დრო, რომ საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.