დროებითი საგამოძიებო კომისია მოხსენებას პარლამენტის ბიუროს სექტემბერში წარუდგენს
დროებითი საგამოძიებო კომისია მოხსენებას პარლამენტის ბიუროს სექტემბერში წარუდგენს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქმეზე მოხსენებას პარლამენტის ბიუროს სექტემბრის დასაწყისში წარუდგენს, – ამის შესახებ დღევანდელი სხდომის დასრულებისას კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოკითხვებით მტკიცებულებების შეგროვების ნაწილს კომისია სავარაუდოდ შემდეგ კვირაში – სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასრულებს და მოხსენებაზე მუშაობას მეორე დღესვე დაიწყებს.

„მოხსენება მზად იქნება მომდევნო10 დღის, მაქსიმუმ კი – ორი კვირის განმავლობაში. აგვისტოს შუა რიცხვებიდან გვექნება საშუალება მოხსენების პირველი ვერსია ვნახოთ და ამ კონკრეტულ ვერსიაზე აგვისტოს ბოლომდე შევთანხმდეთ.

აღნიშნული ვერსია უნდა წარვადგინოთ პირველივე ბიუროს სხდომაზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში, 2-3 სექტემბერს იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.

დროიებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებები მოისმინა. კომისიაზე დღეს დაბარებისამებრ გამოცხადდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა სხდომაზე მას მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.