დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამოკითხავს
დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გლდანის მერვე საპყრობილეში ამ საქმეზე გასამართლებულ არასრულწლოვნებს გამოკითხავს. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები როგორც გ.ჯ-ს, ასევე გ.ბ -ს გაესაუბრებიან.

საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ არასრულწლოვნებთან გასაუბრება მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„კომისია ფინალურ სტადიაზე გავიდა. დავასრულეთ ყველა მოწმის გამოკითხვა. მსჯავრდებულებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. ისინი ჩხუბში უშუალოდ მონაწილეობდნენ, მათ შორის, ჩაიდინეს დანაშაული. შეიძლება, იყოს ინფორმაცია, რაც ბოლომდე არ უთქვამთ სასამართლოსთვის. ჩვენ სხვა მოწმეებისგან მივიღეთ ინფორმაცია და ესეც ჯამში შექმნის სურათს, რაც კომისიას დაედება დასკვნად“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.

საქმეზე გამოტანილი განაჩენის მიხედვით, არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა, დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მას ბრალად ედებოდა დავით სარალიძის მკვლელობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალი გადაკვალიფიცირდა, არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში და მას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.