დროებითი საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნების გამოკითხვას უახლოეს დღეებში დაასრულებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე არასრუწლოვანი მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
კომისია სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
კომისიის წევრები არ აკონკრეტებენ, დღეს რომელი სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
დეპუტატთა ნაწილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მოზარდების გამოკითხვისას მნიშვნლოვანი დეტალები იკვეთება.
„დღეს ვაგრძელებთ ჩხუბის შემსწრე და ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნების გამოკითხვას, ახსნა-განმარტების მიღებას. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს საგამოძიებო კომისიას სამწუხაროდ უწევს გამოკითხოს არასრულწლოვნები, რომლებმაც მომხდარი ჩხუბის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ იციან, თუმცა თავის დროზე როდესაც ახალი მომხდარი იყო დანაშაული. მაშინ ეს არასრულწლოვნები არ იყვნენ გამოკითხული პოლიციის მიერ. მაშინ მეტი დეტალის გახსენების შესაძლებლობას ექნებოდათ იმ არასრულწლოვნებს, რომლებსაც დღეს, რვა თვის გასვლის შემდგომ უწევთ აღგიდგინონ მომხდარის დეტალები. ძალიან საინტერესო გარემოებების შესახებ საუბრობენ არასრულწლოვნები ეს დღეებია. იმედია დღესაც გარკვეულ ბუნდოვანებას მოვფენთ ნათელს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისი თქმით, კომისია არასრულწლოვნების გამოკითხვას უახლოეს დღეებში დაასრულებს.