დრო შესაძლოა, დიდ აფეთქებამდეც არსებობდა - ახალი კვლევა
დრო შესაძლოა, დიდ აფეთქებამდეც არსებობდა - ახალი კვლევა

ზოგადი ფარდობითობის პირდაპირი ინტერპრეტაციის მიხდვით, დიდი აფეთქება „ყველაფრის“ დასაწყისი არ ყოფილა.

აინშტაინის ცნობილი განტოლებების ღირებულებების გამოყენებითა და რამდენიმე ვარაუდის საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფმა სამყაროს საათი უკან გადასწია და მივიდა დასკვნამდე, რომ დროს გაჩერების წერტილი არ გააჩნია და სამყაროს სრულიად სხვანაირი დასაბამი აქვს.

დიდი აფეთქების ირგვლივ არსებულ მთელ ალიაქოთში გასარკვევად, საჭიროა მიმოვიხილოთ გარკვეული ამბები, რათა გავიგოთ, რატომ ფიქრობს ფიზიკოსთა ეს ჯგუფი, რომ დიდი აფეთქება შეიძლება ყველაფრის დასაბამი არ იყოს.

დაახლოებით 90 წლის წინ, ბელგიელმა ასტრონომმა ჟორჟ ლემერტმა წამოაყენა მოსაზრება, რომ შორეული გალაქტიკებიდან მომდინარე სინათლეში არსებული დაკვირვებადი ცვლილებები სამყაროს გაფართოებაზე მიუთითებდა. თუკი ის დიდდება, გამოდის, რომ ოდესმე აუცილებლად პატარაც უნდა ყოფილიყო.


გადავწიოთ საათი 13,8 მილიარდი წლით უკან და მივალთ წერტილში, სადაც სივრცეს წარმოუდგენლად ციცქნა მოცულობა აქვს, რასაც სინგულარობას უწოდებენ.

„იმ დროისათვის, დიდი აფეთქებისას, სამყაროს მთელი მატერია თავის თავში უნდა ყოფილიყო. სიმკვრივე უსასრულო იქნებოდა“, — განმარტა ერთხელ სტივენ ჰოკინგმა თავის ლექციაში „დროის დასაწყისი“.

ცარიელი სივრცის არარაობის აღწერისთვის, ფიზიკოსები გარკვეულ მოდელებს იყენებენ. ერთი მათგანია აინშტაინის ზოგადი ფარდობითობა. ის აღწერს სამყაროს ძირითად სტრუქტურასთან დაკავშირებულ გრავიტაციას.

ჰოკინგისა და მათემატიკოს როჯერ პენროუზის მიერ შემოთავაზებული თეორემების მიხედვით, ზოგადი ფარდობითობის განტოლებები უსასრულო შებოჭილობის მასშტაბებს არასრულად განმარტავს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ამბობენ, რომ ფიზიკა არღვევს სინგულარობას, რაც წარმოშობს მთელ რიგ სპეკულაციებს.

საკუთარი მიდგომა ჰოკინგმა სიკვდილამე რამდენიმე დღით ადრე გაუმხილა ინტერვიუში ნილ დეგრას ტაისონს, რომელშიც ის დიდი აფეთქების დრო-სივრცის განზომილებებს დედამიწის სამხრეთ პოლუსს ადარებს.

„სამხრეთ პოლუსის სამხრეთით აღარაფერია. შესაბამისად, არაფერი იყო არც დიდ აფეთქებამდე“, — აღნიშნა ჰოკინგმა.

თუმცა, ზოგიერთი ფიზიკოსის მტკიცებით, დიდ აფეთქებამდე რაღაც მაინც არსებობდა. ზოგის ვარაუდით, მეორე მხარეს არსებობს „სარკე სამყარო“, სადაც დრო უკუღმა ტრიალებს. ზოგიც უკუქცევადი სამყაროს იდეას ემხრობა.

ფიზიკოსებმა — ტიმ კოსლოვსკიმ, ფლავიო მერკატიმ და დევიდ სლოუნმა მხედველობაში მიიღეს ოდნავ განსხვავებული მიდგომა და წარმოადგინეს ახალი მოდელი, რომელიც მიუთითებს, რომ გახლეჩვა დაიწყო მახასიათებლებში არსებული შესაბამობებიდან, დროის გარკვულ მონაკვეთში, როგორც ამას ზოგადი ფარდობითობა განსაზღვრავს.

თუმცა ეს თეორემა არ მიუთითებს, როგორ მიდის სამყარო აუცილებლად ამ წერტილამდე.

სრული სინგულარობიდან ერთი ნაბიჯით უკან დასაბრუნებლად, მკვლევრებმა შემცირებადი სამყაროს არსებული მოდელის ინტერპრეტირება მოახდინეს, რისთვისაც თავად დრო-სივრცის რუკა გამოაცალკევეს მასში არსებული „მასალისგან“.

„როგორც ჩანს, ყველა პრობლემური პირობა არარელევანტურია, როცა მუშავდება იმ რაოდენობათა ქცევა, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ მოჩანს სამყარო შიგნიდან“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი დევიდ სლოუნი.

მათმა მოდელმა არსებითი აღწერილობა შეჰმატა დიდ აფეთქებას, რომელშიც ფიზიკა ხელუხლებელი რჩება.

სინგულარობის ნაცვლად, ჯგუფმა მას იანუსის წერტილი უწოდა, ორსახიანი ძველრომაული ღმერთის პატივსაცემად.

დროის უკან გადაწევისას, სამყაროს შემადგენელი მასალის ფარდობითი ადგილმდებარეობები და მასშტაბები ეფექტიანად ბრტყელდება ორგანზომილებიან „ორცხობილად“. იანუსის წერტილში გავლისას, ორცხობილა კვლავ სამგანზომილებიანი ხდება, ოღონდ უკუღმა.

ამ ყველაფრის აღწერა ფიზიკური ტერმინოლოგიით საკმაოდ რთულია, მაგრამ მკვლევრებს სჯერათ, რომ მას შესაძლოა ღრმა შედეგები ჰქონდეს სიმეტრიაზე ნაწილაკების ფიზიკაში და იქნებ წარმოაჩინოს ძირითადად ანტიმატერიაზე დაფუძნებული სამყარო.

მართალია, გადატრიალებული სამყაროს იდეა ძველია, სინგულარობის პრობლემის გარშემო ამ განსაკუთრებული გზით მუშაობის ეს მიდგომა სრულიად ახალია.

„ჩვენ არ შეგვიმუშავებია ახალი პრინციპები, არც აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია შეგვიცვლია, მოვახდინეთ მხოლოდ მისი ინტერპრეტაცია, რაც ობიექტებს ეფუძნება“, — ამბობს სლოუნი.

ეჭვგარეშეა, რომ ამ საკითხის ირგვლივ დებატები მომავალში გაგრძელდება.

ვინ იცის, იქნებ იგივე არგუმენტი აქვთ სარკე-სამყაროშიც, იანუსის წერტილის მეორე მხარეს?

კვლევა ჟურნალ Physics Letters B-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ox.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით