დონბასში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი კიდევ ერთხელ დაარღვიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის ჯარის მიმართულებით ერთ დღე-ღამეში 33-ჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.
„ბოლო 24-საათში ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის ჯარის მიმართულებით ცეცხლი 33-ჯერ გახსნეს. სეპარატისტების მხრიდან სნაიპერმა უკრაინელი ჯარისკაცი დაჭრა, რომელიც ახლა საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოწინააღმდეგე მხარეს სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა“, – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
2015 წელს ნორმანდიულ ოთხეულს შორის გაფორმებული მინსკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის ზავის დაცვას ითვალისწინებს, რასაც რუსეთიდან მართული სეპარატისტები ბოლო სამი წელია პერმანენტულად არღვევენ.