დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 19 ივნისს გაფორმდება
დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 19 ივნისს გაფორმდება

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 19 ივნისს გაფორმდება. ამის შესახებ მინსკის ე.წ. სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ რუსული მხარის წარმომადგენელმა, ბორის გრიზლოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, 10 ივნისიდან ლუგანსკში მხარეების სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესს დაიწყებენ.

უკრაინის წარმომადგენელმა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ კი, თქვა, რომ უახლოეს ხანში დაიწყება მძევლების გაცვლის და რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურების საკითხის განხილვა.

ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა თავის მხრივ განაცხადა, რომ კუჩმა გამოვიდა ინიციატივით, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ეკონომიკური ბლოკადა მოიხსნას. ამ საკითხს მხარეები შემდეგ შეხვედრაზე დაუბრუნდებიან.

ეს მინსკის ე.წ. სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა იყო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ გაიმართა. მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.