თბილისში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკი” გაიხსნა
თბილისში, კინოთეატრ „,ამირანში” დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „სინედოკი” გაიხსნა.
2019 წლის ფესტივალი სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულმა ფილმმა, „თაფლის მიწამ” გახსნა. ფილმი 50 წლამდე ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაკედონიის უკაცრიელი სოფლის კლდოვან ადგილებზე ფუტკრების კოლონიებს სტუმრობს. ჰატიძე ფუტკრებს თავის საიდუმლო საგალობელს უმღერის და ყოველგვარი ხელთათმანისა და დამცავი ბადის გარეშე თაფლს აგროვებს. სახლში დაბრუნებული თავის ხელნაკეთ სკებსა და ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის, ხანდახან კი, დედაქალაქის ბაზარში თავის სანოვაგეს ყიდის. მისი ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, როცა მისი სახლის მახლობლად მრავალშვილიანი და ხმაურიანი ოჯახი დასახლდება.
„სინედოკ 2019-ის” პროგრამა უკვე ცნობილია. წელს ფესტივალს კინემატოგრაფისტები და მოყვარულები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ეწვევიან. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანაა უნგრეთი. ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. თემატურ სექციებში გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები, მასტერ კლასები, პრემიერები. გარდა ამისა, წელს პირველად სექციის „კავკასიის ახალი ტალანტების” პრეზენტაცია შედგება.
წლევანდელი „სინედოკი” სლოგანით – „დააკავშირე ფიქრები” ეცდება მაყურებელთან დაახლოებას და სპეციფიკური სექციების საშუალებით აქცენტს ისეთ თემებზე გააკეთებს, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ერთ-ერთი ასეთი თემატური სექცია „წითელი სულია“, რომელიც საბჭოთა პერიოდის შესახებ ფილმებს მოიცავს, ამ თემატიკის ფილმი კი, ვიტალი მანსკის ცნობილი ნამუშევარია „პუტინის მოწმეები“.
წელს პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზი გადაეცემა ერთ-ერთ ქართულ ფილმს, რომელიც საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით უნდა გამოვლინდეს.
„სინედოკ 2019” მრავალფეროვანი პროგრამით მსურველებს 8-დან 13 მაისამდე კინოთეატრ „ამირანსა“ და ეროვნული არქივის კინოთეატრში უმასპინძლებს.
ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანია დოკუმენტური ფილმების პოპულარიზაცია.