ჟურნალმა Charlie Hebdo-მ რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თემაზე კარიკატურა გამოაქვეყნა
ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ გარეკანზე, რუსეთში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თემაზე კარიკატურა გამოაქვეყნა.
კარიკატურა გამოცემის ნომრის ანონსთან ერთად, ჟურნალის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა. ნახატზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტანკის ლულას საფეხბურთო მოედნის კარს უმიზნებს. გამოსახულებას თან ახლავს წარწერა „წინ რუსეთი!“ მასალის სათაურში კი წერია- „მუნდიალი რუსეთში: ტრაგიკომედია სოფელ პოტიომკინოში“.
შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთში დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ისლანდიამ და ავსტრალიამ.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია რუსეთში 14 ივნისს გაიმართება.