კატარი 2022 | ჟირუს დუბლი და რეკორდი - საფრანგეთმა ავსტრალია დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | ჟირუს დუბლი და რეკორდი - საფრანგეთმა ავსტრალია დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს D ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და ავსტრალიის ეროვნული გუნდი დაუპირისპირდნენ.

 

რა თქმა უნდა, მატჩისა და ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნევა, მაგრამ მოულოდნელად ანგარიში სწორედ ავსტრალიელებმა გახსნეს. გუდვინმა საკუთარი გუნდის შეტევა მერვე წუთზე გოლით დააგვირგვინა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი რთული ამოცანის წინაშე დააყენა.

გაშვებული გოლის შემდეგ ფრანგებმა თამაშს ვერ მოუმატეს და სახიფათო მომენტი ისევ ავსტრალიელებმა შექმნეს, როდესაც მიჩელ დიუკმა შორიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. თუმცა ფრანგებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს და 27-ე წუთზე რაბიომ ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა – 1:1. მალევე, 32-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ რაბიოს გადაცემით ავსტრალიელთა კარი აიღო და საფრანგეთი წინ გაიყვანა – 2:1.

 

მეორე ტაიმი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. უპირატესობას ისევ საფრანგეთი ფლობდა, რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ავსტრალიის ნაკრებიც ენერგიულად თამაშობდა და შეტევას ცდილობდა. თუმცა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა თამაშის სადავეები ხელთ იგდო, სულ უფრო სახიფათოდ უტევდა და 68-ე წუთზე მბაპემ, დემბელეს გადაცემის შემდეგ, ავსტრალიელთა კარი აიღო და საფრანგეთი ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა – 3:1. ავსტრალიელების განადგურება ოლივიე ჟირუმ განაგრძო და 71-ე წუთზე დუბლი შეასრულა, შედეგიანი გადაცემა კი მბაპეს ანგარიშზეა – 4:1 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ.

ოლივიე ჟირუმ ეროვნული გუნდის მაისურით 51-ე გოლი გაიტანა და ტიერი ანრისთან ერთად (ასევე 51 გოლი), საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საბოლოოდ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა შესანიშნავი თამაში აჩვენა – საფრანგეთმა ავსტრალია დამაჯერებელი თამაშითა და დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

D ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 22.11.2022 17:00 დანია-ტუნისი 0:0
I ტური 22.11.2022 23:00 საფრანგეთი-ავსტრალია 4:1
II ტური 26.11.2022 14:00 ტუნისი-ავსტრალია :
II ტური 26.11.2022 20:00 საფრანგეთი-დანია :
III ტური 30.11.2022 19:00 ავსტრალია-დანია :
III ტური 30.11.2022 19:00 ტუნისი-საფრანგეთი :

 

D ჯგუფი
1 საფრანგეთი 1 1 0 0 4-1 3
2 დანია 1 0 1 0 0-0 1
3 ტუნისი 1 0 1 0 0-0 1
4 ავსტრალია 1 0 0 1 1-4 0