ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, საპოლიციო ოპერაციაზე ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების გაშუქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს, საპოლიციო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ.
„მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით: არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს; არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს; არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო დადგეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.