ჟურნალ „ლანცეტის“ ინფორმაციით, აივ-ინფექციისგან მეორე ადამიანი განიკურნა
ჟურნალ „ლანცეტის“ ინფორმაციით, აივ-ინფექციისგან მეორე ადამიანი განიკურნა

„ლონდონელი პაციენტი“ მეორე ადამიანია, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა. ამის შესახებ საუბარია სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტს, რომლის ვინაობასაც ჟურნალი არ ასაჯაროებს, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ კი წერს, რომ განკურნებული მეორე პაციენტი წარმოშობით ვენესუელელი 40 წლის ადამ კასტილეხოა. მას აივ-ინფექცია 2003 წლიდან დაუდასტურდა. 2012 წელს კი, ჰოჯკინის ავთვისებიანი ლიმფომის დიაგნოზიც დაუსვეს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ჩაუტარდა, თუმცა ამავდროულად, აივ-ინფექციისგან განკურნებაც შეძლო.

„ლონდონელი პაციენტის“ შემთხვევაში, სახეზეა 30-თვიანი რემისია, რომლის შედეგადაც სისხლში ვირუსი აღარ დაფიქსირდა.

პირველი განკურნებული „ბერლინელი პაციენტი“ ტიმოტი რეი ბრაუნია, რომელიც აივ-ინფექციისგან 13 წლის წინ განიკურნა. ორივეს შემთხვევაში, დაავადებულებს დონორისგან ძვლის ტვინი გადაუნერგეს.