ჟოზეფ ბორელი - უკრაინისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ევრო მოხმარდება მსხვილკალიბრიანი იარაღის, ტანკსაწინააღმდეგო და ყველა სახის აღჭურვილობის უზრუნველყოფას აგრესიის შესაჩერებლად
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვაპირებთ, ვისაუბროთ თავდაცვის მინისტრებთან უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ომი უკრაინაში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ ვიდეოკონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
„ამის მიზანი მსოფლიოს კოორდინაციაა, თუ რას აკეთებენ წევრი ქვეყნები მათი მხრიდან, როგორ მოვიქცეთ ამ ნახევარ მილიარდ ევროსთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გუშინ გადავწყვიტეთ, მიგვეცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. თქვენ იცით, რომ ეს ნახევარი მილიარდი ევრო მოხმარდება თავდაცვითი იარაღის, მსხვილკალიბრიანი იარაღის, ტანკსაწინააღმდეგო, ყველა სახის აღჭურვილობის უზრუნველყოფას აგრესიის შესაჩერებლად. წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ეს იარაღი და უნდა მოახდინონ კოორდინაცია იმაზე, რა ქმედებას აკეთებენ, რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით ამ რესურსებით, ამ საფრთხეებთან საბრძოლველად. კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი წინააღმდეგობას უწევს და რუსეთი დიდი მსხვერპლით იხდის ფასს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, მსხვილკალიბრიანი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა. მათ ასევე სჭირდებათ საწვავი ტანკებისთვის, თვითმფრინავებისთვის და ეს უნდა იყოს კოორდინირებული“, – აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრების ეს შეხვედრა იქნება ძალიან რთული, მაგრამ ბორელის განცხადებით, ყველა ერთსულოვანია.
„გუშინ ყველა შეთანხმდა, მხოლოდ სამმა ნაწილობრივ კონსტრუქციულად შეიკავა თავი. ასე რომ, გაერთიანებული ევროპა არის ძალიან ძლიერი, როგორც უკრაინელების უძლიერესი წინააღმდეგობა“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, დღეს ბელარუსში ტარდება ყალბი რეფერენდუმი, რათა გადაწყდეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ბელარუსისთვის ბირთვული ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე.
„ეს ძალიან საშიშია, როდესაც იწყებენ ბირთვული ქვეყნის სტატუსის შეცვლას. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს ბელარუსისთვის. იყო ბირთვული, ეს ნიშნავს, რუსეთი ჩაიტანს ბელარუსში ატომურ იარაღს და ეს ძალიან საშიში გზაა, ამიტომ მოვუწოდე ბელარუსელ ხალხს ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.