ჟან-კლოდ იუნკერი და ტერეზა მეი ე.წ. განქორწინების პროექტზე ვერ შეთანხმდნენ
ჟან-კლოდ იუნკერი და ტერეზა მეი ე.წ. განქორწინების პროექტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი ბრექსიტის შესახებ ე.წ. განქორწინების პროექტზე ვერ შეთანხმდნენ.

როგორც იუნკერმა განაცხადა, შეხვედრისას ლიდერებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებზეც ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვერ თანხმდებიან. ესენია: ბრიტანეთის ფინანსური ვალდებულებები, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარი და ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში ევროკომისიის ცენტრალურ შტაბში გაიმართა, იუნკერმა განაცხადა, რომ სამომავლოდ უფრო ხელშესახები ძვრების იმედს იტოვებს.

„მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა და იმ სამუშაოსი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენმა გუნდებმა გასწიეს, სრული შეთანხმების მიღწევა დღეს ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა იუნკერმა.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, რომ 14-15 დეკემბერს ბრიუსელში სამიტია დაგეგმილი, სადაც გადაწყდება, გადადის თუ არა ბრიტანეთი მოლაპარაკების შემდეგ ფაზაზე.

ევროკავშირმა ბრიტანეთის პრემიერს საბოლოო პოზიციებზე შესაჯერებლად ვადა 4 დეკემბრამდე მისცა.

ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, მორიგი შეხვედრა ლიდერებმა კვირის ბოლოსთვის ჩანიშნეს. ამ შეხვედრის მიმართ პოზიტიური მოლოდინები აქვთ როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, ასევე ტერეზა მეის. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მხარეები მოლაპარაკებებს კვლავ განაგრძობენ.