ჟან-ივ ლე დრიანი - მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის
მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საუბრები უნდა იყოს ფოკუსირებული სურსათის ფასების ზრდაზე, რადგან ორგანიზაციები მსოფლიოს აფრთხილებენ უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ სასურსათო კრიზისზე.
„ეს ყველაფერი გვიჩვენებს ძალიან ძლიერ ერთობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, რათა დროთა განმავლობაში გააგრძელონ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე. ჩვენ არ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთი, რომელიც ებრძვის უკრაინას. არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი და ჩვენ მხარს ვუჭერთ აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის ინიციატივებს სამხედრო და ფინანსურ სექტორში და ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ აქ ჩვენი სამუშაო დღის განმავლობაში”, – თქვა ჟან-ივ ლე დრიანმა.