საფრანგეთში მინისტრის სახელით თაღლითობისთვის დაკავებულებს ასამართლებენ
საფრანგეთში მინისტრის სახელით თაღლითობისთვის დაკავებულებს ასამართლებენ

საფრანგეთის თავდაცვის ყოფილი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის სახელით განხორციელებული თაღლითობისთვის საფრანგეთში დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„ევრონიუსის“ ცნობით, ბოროტმოქმედებს 50 მილიონ ევროზე მეტი ოდენობით თანხების მითვისებაში ედებათ ბრალი. გავრცელებული ინფორმაციით, შვიდკაციან დანაშაულებრივ ჯგუფს 54 წლის ჟილბერ ჩიქლი და 35 წლის ენტონი ლაზარევიჩი ხელმძღვანელობდნენ. თაღლითური სქემის მსხვერპლი სამი ადამიანი გახდა. მათ შორის თურქი მილიარდერი ინან ქირაქი, რომელმაც 45 მილიონი ევრო დაკარგა და მილიარდერი სულიერი ლიდერი აღა ხანი, რომელმაც 20 მილიონი ევროთი იზარალა.

თაღლითები პოტენციურ მსხვერპლს ტელეფონით უკავშირდებოდნენ და საფრანგეთის ხელისუფლების სახელით ისეთი „გასაიდუმლოებული ოპერაციებისთვის“, როგორიცაა მძევლების გათავისუფლება ან ანტიტერორისტული ოპერაციები, ფინანსურ დახმარებას სთხოვდნენ. უტყუარობის დასადასტურებლად კი, ბოროტმოქმედები ზოგჯერ ვიდეოზარსაც იყენებდნენ, სადაც კადრში ჩანდა მინისტრის სამუშაო კაბინეტის ანალოგი და პირი სილიკონის ნიღბით, რომელიც ჟან-ივ ლე დრიანს ჰგავდა.

თაღლითები პოტენციურ მსხვერპლს თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ჰპირდებოდნენ. 150 სამიზნეს შორის მოხვდნენ გაბონის პრეზიდენტი ალი ბონკო, გერმანელი მეწარმე, კომპანია „ლაფარჟის“ დირექტორი და პარიზის არქიეპისკოპოსი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოზე ჟილბერ ჩიქლიმ უარყო, რომ სილიკონის ნიღბიანი პირი თავად არის.

ჩიქლი და ლაზარევიჩი 2017 წელს უკრაინაში დააკავეს. სასამართლო მათ განაჩენს 12 თებერვალს გამოუტანს.