ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ბიუჯეტი დროულად უნდა შევათანხმოთ, დროა, ყველა ლიდერი ჩაერთოს დისკუსიაში ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით

13:16, 26.11.2026

ჩვენს დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტის დამტკიცებისა და განხილვის საკითხი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ისეთი გრძელვადიანი ბიუჯეტი, რომელიც სრულად მოერგება ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებას.

„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებს. მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა და ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების მოლოდინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ენერგორესურსების და საცხოვრებლის ღირებულება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ბიუჯეტი, რომელიც ამ მიზნებს მოემსახურება. მეორე მხრივ, აუცილებელია, წევრი სახელმწიფოების ეროვნული შენატანები გონივრულ დონეზე შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა კოშტამ.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია, ლიდერები სამ ძირითად საკითხზე შეთანხმების მიღწევასთან დააახლოვოს.

„პირველი – ბიუჯეტის საერთო მოცულობა. მეორე – ამ ბიუჯეტის სხვადასხვა პრიორიტეტს შორის ფინანსური რესურსების განაწილება. მესამე – ახალი საკუთარი შემოსავლების დაბალანსებულ და ეფექტიან პაკეტზე შეთანხმება, რათა წევრი სახელმწიფოების ეროვნული შენატანები გონივრულ დონეზე შევინარჩუნოთ. ახლა დროა, ყველა ლიდერი ჩაერთოს ამ დისკუსიაში ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით, რადგან აუცილებელია, დროულად მივაღწიოთ შედეგს. ბიუჯეტი დროულად უნდა შევათანხმოთ, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ. ამისთვის კი საჭიროა ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ევროკავშირის ბიუჯეტის მიღების პროცესი ეროვნული ბიუჯეტის მიღების პროცესისგან განსხვავდება. აქ უმრავლესობის მხარდაჭერა საკმარისი არ არის, საჭიროა ერთსულოვნება. ერთსულოვნების მისაღწევად კი აუცილებელია, ყველა ლიდერმა მოუსმინოს ერთმანეთს და გაითვალისწინოს სხვების პოზიციები, რათა საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ კვლავ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა კოშტამ.

მსგავსი