დინოზავრის ნამარხს ძვლის ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
დინოზავრის ნამარხს ძვლის ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

პალეონტოლოგი, მედიცინის პათოლოგანატომი და ორთოპედიული ქირურგი მუზეუმს ათვალიერებდა, როდესაც მისი ყურადღება რაღაც უცნაურმა მიიპყრო. ცოტა ხანში, მისმა ჯგუფმა დინოზავრებში ძვლის აგრესიული კიბოს პირველი დადასტურებული შემთხვევის დიაგნოზი დასვა.

განმარხებული წვივის ძვალი ცენტროზავრს (Centrosaurus apertus) ეკუთვნის, ბალახისმჭამელ რქიან დინოზავრს, რომელიც დაახლოებით 76 მილიონი წლის წინ ცოცხლობდა და მოკვდა.

ერთი შეხედვით ცუდად შეხორცებულ მოტეხილობას ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა ცხოველის წვივის ზედა ნახევარზე, ანუ ფიბულაზე გამოზრდილი კიბო. ცენტროზავრს ოსტეოსარკომას (ძვლის ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე) დიაგნოზი დაესვა. ის ძვლის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია ადამიანებში, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც დინოზავრებში რომელიმე ავთვისებიანი კიბოს შემხვევა დადასტურდა.

„ჩვენ წინაშეა შორს წასული ძვლის კიბოს აშკარა ხელწერა 76 მილიონი წლის წინანდელ რქოსან დინოზავრში. ძალიან ამაღელვებელია“, — ამბობს პათოლოგანატომი მარკ კროუტერი.

ადამიანებში ოსტრეოსარკომა ხშირად გვხვდება სწრაფად მზარდ მოზარდებსა და ახალგაზრდებში. მეტასტაზების, ანუ ძვლის მიღმა გადასვლის შემთხვევაში, ოსტრეოსარკომა ხშირად ვრცელდება ფილტვებში, მაგრამ ასევე შეუძლია სიმსივნის წარმოქმნა სხვა ძვლებში და თავის ტვინშიც კი.

გამომდინარე იქიდან, რომ კიბოსადმი ინტერესი მეცნიერებში დიდია, მის კვალს ხშირად ეძებენ უძველეს ნამარხებშიც. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რბილი ქსოვილები ნამარხებში უიშვიათესად არის შემორჩენილი. ასეთი ქსოვილები წლების განმავლობაში იშლება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიბო დინოზავრებსაც სტანჯავდა, ურთულესია მისი კვალის პოვნა და დიაგნოზის დასმა.

კიბოს მსგავსი ასეთი სიმპტომები მეცნიერებს დინოზავრის ნამარხებში აქამდეც აქვთ ნაპოვნი. მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში, ახალგაზრდა ჰადროზავრის (იხვნისკარტა დინოზავრი) კუდის ძვლებში შემჩნეული უჩვეულო დაზიანებები ძლიერ წააგავდა ჰისტოციტოზ X-ს, კომპლექსურ კიბოს; აღმოჩენას მეცნიერებს შორის დებატები მოჰყვა. ამ უახლესი აღმოჩენის შემთხვევაში კი, ავთვისებიანი კიბოს ნიშნები გაცილებით აშკარაა.

კიბოს მქონე C. apertus-ის განმარხებული წვივის ძვალი 1989 წელს კანადაშია აღმოჩენილი, ალბერტას პროვინციაში. მას შემდეგ ის ქალაქ კალგარში, ტირელის სამეფო პალეონტოლოგიურ მუზეუმში ინახებოდა.

C. apertus-ის ძვლის განივ გადანაჭრებს პირველ რიგში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს; სწორედ ამ დანადგარით ახდენენ ადამიანებში ძვლის მოტეხილობებისა და კიბოების გამოვლენას. რენტგენული გამოსახულების გამოყენებით კი აღადგინეს, როგორ იყო კიბო გაზრდილი ნამარხ ძვალზე.

 

აღმოჩნდა, რომ ის ძვალზე საკმაოდ ფართოდ იყო მოდებული. სამედიცინო სპეციალისტების აზრით, კიბოს დინოზავრი საკმაოდ მალე უნდა მოეკლა.

„ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ გვახსენებს საერთო ბიოლოგიურ კავშირებს ცხოველთა სამყაროში და აძლიერებს თეორიას, რომლის მიხედვითაც, ოსტრეოსარკომა ძვლებს უფრო მაშინ აზიანებს, როცა ისინი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება“, — ამბობს ტორონტოს მაკმასტერის უნივერსიტეტის ორთოპედიული ქირურგი სეპერ ეხტიარი, რომელმაც დინოზავრის ეს ნამარხი შეისწავლა.

იმის გამო, რომ კიბო ასე განვითარებული იყო, მკვლევართა აზრით, ის შეიძლება დინოზავრის სხეულის სხვა ნაწილებშიც უნდა ყოფილიყო გავრცელებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესამოწმებლად არ გაგვაჩნია მისი ქსოვილების ნიმუშები.

„წვივის ძვალს აღენიშნება მოწინავე სტადიაში მყოფი ძვლის აგრესიული კიბო. სიმსივნეს დეფორმაციული ეფექტები უნდა ჰქონოდა ამ ინდივიდზე და ძალიან დაუცველი გაეხადა იმ დროის გიგანტური მტაცებლების, მაგალითად, ტირანოზავრების წინაშე“, — ამბობს პალეონტოლოგი დევიდ ევანსი.

კვლევის შემდეგ, წვივის ძვალს მცირე ნაჭრები ააცალეს და C. apertus-ის სხვა, ნორმალურ ნამარხებს შეადარეს. ასევე შეადარეს ადამიანის ოსტრეოსარკომის ერთ შემთხვევას, 19 წლის ბიჭში, რომელსაც ეს კიბო ფეხის ქვედა ნაწილში ჰქონდა.

პუბლიკაციაში ავტორები შენიშნავენ, რომ ადამიანში ასეთ სტადიაში მყოფი ოსტრეოსარკომა მკურნალობის გარეშე აუცილებლად ფატალურად დასრულდებოდა.

თუმცა, ისინი ეჭვობენ, რომ ეს დინოზავრი თავის ჯოგის სხვა წევრებთან ერთად მოკვდა, სავარაუდოდ უცაბედი წყალდიდობის შედეგად, რადგან ნამარხი ცენტროზავრების ძვლების მასიურ სამარხში აღმოაჩინეს.

ავტორთა დასკვნით, ამ ავთვისებიანი კიბოს მტკიცებულების აღმოჩენა მიუთითებს, რომ კიბოებს საკმაოდ ღრმა ევოლუციური ისტორია აქვთ ორგანიზმებში; დიახ, დინოზავრებშიც კი.

კვლევა სამედიცინო ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია rom.on.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.