აღმოჩენილია პირველი ცნობილი მცურავი დინოზავრი — სპინოზავრის საიდუმლო საბოლოოდ ამოიხსნა
აღმოჩენილია პირველი ცნობილი მცურავი დინოზავრი — სპინოზავრის საიდუმლო საბოლოოდ ამოიხსნა

ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და ძლიერი დინოზავრის სახეობის ერთმა კუდმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ამოხსნა ამ გადაშენებულ ქმნილებათა საიდუმლო – შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა.

თეროპოდის სახის დინოზავრის, სპინოზავრის გიგანტური ნამარხი კუდის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს უზარმაზარი მტაცებლები წყლის ცხოველებიც იყვნენ და მილიონობით წლის წინ, მდინარეებში ცურვისა და ნადირობისთვის კუდით მართულ გადაადგილების სისტემას იყენებდნენ.

„ეს აღმოჩენა სრულიად ახალ გზას გვიხსნის დინოზავრების კვლევაში; ბევრ ცნობას მატებს როგორც უკვე არსებულ, ისე ახალ ნარატივს და დრამატულად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს დინოზავრების შესაძლებლობებთან დაკავშირებით“, — ამბობს დეტროიტ-მერსის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ნიზარ იბრაჰიმი.

საუკუნის წინ, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ხმელეთის დინოზავრები შეიძლება წყლიან გარემოშიც ბინადრობდნენ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ეს იდეა უკუაგდეს, რადგან კვლევათა უმეტესობა მიუთითებდა, რომ არამფრინავი დინოზავრები მხოლოდ ხმელეთზე სახლობდნენ.

თუმცა, ამ საკითხს გარკვეულწილად ართულებდა სპინოზავრი, რადგან ზოგიერთი უძველესი ძვალი მიუთითებდა მტკიცებულებებზე, რომ ის შეიძლება, წყალთან სანახევროდ შეგუებული ყოფილიყო.

ასეთ დასკვნამდე მივიდა იბრაჰიმი და მისი ჯგუფი წინა კვლევაში, მაგრამ სხვა მკვლევრები ამაში დარწმუნებული მაინც არ იყვნენ.

ახლახან, პალეონტოლოგები ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდნენ და როგორც იბრაჰიმის ჯგუფი აცხადებს, ხელთ აქვთ „პირველი აშკარა მტკიცებულება, რომ ამ დინოზავრებს წყლის პროპულსიური სტრუქტურა ჰქონდათ“.

ეს მტკიცებულება კი არის ნიჩბისებრი გიგანტური კუდი, რომელიც აღმოსავლეთ მაროკოში, საჰარის უდაბნოს ცარცული პერიოდის დანალექებში აღმოაჩინეს.

კუდის ნამარხი დაახლოებით 90-100 მილიონი წლის წინანდელია და კარგად ავსებს სპინოზავრის იერსახის სურათს, რაც მნიშვნელოვნად აფართობს ჩვენს თვალსაწიერს ამ სახეობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კუდი ამჟამად მსოფლიოში სპინოზავრის ჩონჩხის ერთადერთი ნაწილია, რადგან ადრე აღმოჩენილი ნამარხი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.

„აღმოჩნდა, რომ ამ დინოზავრს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და უნიკალური ფორმის კუდი ჰქონდა, რომელიც შედგება უკიდურესად მაღალი ნერვული მალებისა და წაგრძელებული შევრონისგან, რომლებიც აყალიბებს დიდ, მოქნილი აფრის მსგავს ორგანოს, რომელსაც საკმაოდ გაშლილი გვერდითი მოძრაობები უნდა შესძლებოდა“, — წერს ჯგუფი კვლევაში.

კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა შეისწავლა ბიძგების ის რაოდენობა, რომელიც ამ სტრუქტურას წყალში ცურვისას შეეძლო წარმოექმნა; შედეგად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი სტრუქტურა სრულიად შეესაბამება მსგავსი დანართების მქონე წყლის ხერხემლიანებისას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სპინოზავრი გვთავაზობს საუკეთესი მტკიცებულებას, რომ დინოზავრებს — სულ მცირე, ამ სახეობას მაინც — შეიძლება ცურვა შეეძლოთ.

„ეს აღმოჩენა საბოლოოდ ასამარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, არამფრინავი დინოზავრები წყალში არასოდეს იჭრებოდნენ. ირკვევა, რომ ეს დინოზავრი არა მხოლოდ თავთხელ წყალში იდგა და იქ ნადირობდა, არამედ მსხვერპლს წყალშიც აქტიურად მისდევდა. სავარაუდოდ, სიცოცხლის უდიდეს ნაწილს ისინი სწორედ წყალში ატარებდნენ“, — ამბობს კვლევის ავტორი, დეტროიტ-მერსის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ნიზარ იბრაჰიმი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია udmercy.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი