დინოზავრების მკვლელმა ასტეროიდმა, რომელიც დედამიწას 66 მილიონი წლის წინ დაეცა, უზარმაზარი ცუნამი გამოიწვია; მისი ტალღების სიმაღლე მექსიკის ყურეში 1,6 კმ-ს აჭარბებდა და ამ წყალმა თითქმის ნახევარი მსოფლიო გადაიარა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ამ მონუმენტური ცუნამის მტკიცებულება მკვლევრებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მსოფლიოს ასი სხვადასხვა ადგილიდან აღებული ნიმუშები (კერნი) შეისწავლეს და მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე დაცემული ასტეროიდის შედეგად წარმოქმნილი მონსტრი ტალღების ციფრული მოდელებიც შექმნეს.
„ეს ცუნამი იმდენად ძლიერი იყო, რომ წარმოქმნის ადგილიდან პლანეტის ნახევრამდე წაიღო და გადარეცხა დანალექები ოკეანის აუზში“, — ამბობს კვლევის ავტორი, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარი მოლი რეინჯი.
რეინჯმა ასტეროიდის დაცემისთანავე წარმოქმნილი ცუნამის მარშრუტი გაარკვია. ადრეულ აღმოჩენებზე დაყრდნობით, მისმა ჯგუფმა შექმნა ასტეროიდის მოდელი, რომლის სიგანეც 14 კილომეტრი იყო და დედამიწას 43 500 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა, ანუ, ბგერის სიჩქარეზე 35-ჯერ სწრაფად.
ასტეროიდის დაცემის შემდეგ, სიცოცხლის მრავალი ფორმა დაიღუპა; გადაშენდნენ არამფრინავი დინოზავრები (დღემდე გადარჩნენ მხოლოდ ფრინველები, რომლებიც ცოცხალ დინოზავრებს წარმოადგენენ) და მოისპო მცენარეულობისა და ცხოველთა სახეობების დაახლოებით სამი-მეოთხედი.
მკვლევრებმა კარგად იციან ასტეროიდის მრავალი საზარელი ეფექტის შესახებ, მაგალითად, სასტიკი ხანძრების, რომლებმაც ცხოველები ცოცხლად ამობუგა და ააორთქლა გოგირდით მდიდარი ქანები, რამაც სასიკვდილო მჟავა წვიმები და გლობალური აცივება გამოიწვია.
დაცემის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის უკეთესად შესასწავლად, რეინჯმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს დედამიწის გეოლოგია, ანალიზები ჩაუტარეს 120 „სასაზღვრო სექციას“, ანუ ზღვის დანალექებს უშუალოდ მასობრივი გადაშენების მოვლენის წინ და შემდეგ, რაც ცარცული პერიოდის დასასრულს აღნიშნავს.
ეს სასაზღვრო სექციები დაემთხვა მათი მოდელის პროგნოზებს ტალღის სიმაღლისა და მარშრუტის შესახებ.
მკვლევართა განცხადებით, დარტყმის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის საწყისი ენერგია 30 000-ჯერ აღემატებოდა 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნილი ცუნამის ენერგიას, რომელმაც 230 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დედამიწაზე დაცემისას, ასტეროიდმა 100 კმ სიგანის კრატერი წარმოქმნა და ატმოსფეროში ატყორცნა მტვრისა და ჭვარტლის სქელი ღრუბელი.
სიმულაციების მიხედვით, დაცემიდან სულ რაღაც 2,5 წუთის შემდეგ, ამოტყორცნილ მასალათა ფარდამ წყლის კედელი გარე მიმართულებით გადაწია, მყისიერად წარმოქმნა 4,5 კილომეტრის სიმაღლის ტალღა, რომელიც შემდეგ კვლავ დედამიწაზე დაეცა.
10 წუთის შემდეგ, დაცემიდან 220 კილომეტრის მოშორებით წარმოიქმნა დაახლოებით 1,5 კმ სიმაღლის ცუნამის ტალღა, რომელმაც მექსიკის ყურე ყველა მიმართულებით გადარეცხა. დაცემიდან ერთი საათის შემდეგ, ცუნამიმ მექსიკის ყურე დატოვა და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში შევარდა.
დაცემის შემდეგ საათებში, ცუნამიმ გაიარა ცენტრალური ამერიკის საზღვაო გასასვლელში, რომელიც იმ დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ყოფდა ერთმანეთისგან და წყნარ ოკეანეში შევარდა.
ასტეროიდის შეჯახებიდან ერთი დღის შემდეგ, ტალღებმა წყნარი და ატლანტის ოკეანეების უმეტესი ნაწილი გაიარა და ორივე მხრიდან შევიდა ინდოეთის ოკეანეში, 48 საათის შემდეგ კი მსოფლიოს სანაპიროთა უმეტესობამდე მიაღწია.
ცუნამის ძალა
ასტეროიდის შეჯახების შემდეგ, ცუნამი ძირითადად აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გავრცელდა, შევარდა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ცენტრალური ამერიკის საზღვაო გასასვლელით ასევე წავიდა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილისკენ.
ამ ზონებში წყალი წყალი იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ საათში 0.6 კმ-ს აჭარბებდა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ზღვის ფსკერის წვრილმარცვლოვანი დანალექები გადაერეცხა.
ჯგუფის მიერ შექმნილი მოდელების მიხედვით, ცუნამის ძალას სხვა რეგიონები გადაურჩა, მათ შორის ატლანტის ოკეანის სამხრეთი ნაწილი, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი, ინდოეთის ოკეანე და თანამედროვე ხმელთაშუა ზღვა.
მათმა მოდელებმა აჩვენა, რომ ამ რეგიონებში წყლის სიჩქარე 0,6 კმ/სთ-ზე ნაკლები იყო.
მკვლევართა ჯგუფმა დარტყმის მოვლენის შედეგად მოშიშვლებული ქანების დანალექებიც კი იპოვა, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კუნძულების აღმოსავლეთ ნაწილში, მექსიკის ჩისკულუბის კრატერიდან (ასტეროიდის დაცემის ადგილი) 7500 კილომეტრის მოშორებით.
თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ქანების მოშიშვლების მიზეზი ადგილობრივი ტექტონიკური აქტივობა იყო. თუმცა, მათი ასაკისა და ცუნამის მოდელირებულ მარშრუტში ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მკვლევრები მას ასტეროიდის შედეგად წარმოქმნილ მასიურ ტალღებს უკავშირებენ.
„ეს დანალექები დარტყმის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის ჩანაწერებია და ალბათ, ყველაზე მეტყველი დასტური ამ მოვლენის გლობალური მნიშვნელობისა“, — აღნიშნავს რეინჯი.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელს არ შეუფასებია სანაპირო წყალდიდობები, ცხადყო, რომ ღია ოკეანის ტალღები მექსიკის ყურეში 100 მეტრზე მაღალი უნდა ყოფილიყო, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის და სამხრეთ ამერიკის წყნაროკეანურ სანაპირო რეგიონებთან მიღწევისას კი ათ მეტრზე მეტი.
გამომდინარე იქიდან, რომ სანაპიროსთან წყალი თავთხელია, ასეთი ტალღები იქ საკმაოდ დრამატული უნდა ყოფილიყო.
კვლევა AGU Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.