დიმიტრი ქუმსიშვილი - გუდაურში საბაგირო გზა დეკემბრის ბოლოს შემოწმდა
გუდაურში საბაგირო გზა დეკემბრის ბოლოს შემოწმდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
“მოხდა უბედურება. საბაგირო გზა იყო შემოწმებული, თუმცა ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. საბაგიროს შემოწმება დეკემბრის ბოლოს ჩაუტარდა ზუსტად ისე, როგორც უნდა ჩატარებოდა, მაგრამ ფაქტი მოხდა.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამაში დამნაშავე იქნება. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა.
გუდაურში დაშავებულებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მათ თავის ტრავმა და ღია მოტეხილობები აღენიშნებათ.
დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი, შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა.
დაშავებულებს შორის ერთი ფეხმძიმეა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.