დიმიტრი ქუმსიშვილი - გუდაურში დაშავებულებს შევთავაზეთ, რომ მომავალ წელს საქართველოში დავპატიჟებთ, რაზეც დაგვთანხმდნენ
გუდაურში დაშავებულებს შევთავაზეთ, რომ მომავალ წელს საქართველოში დავპატიჟებთ, რაზეც დაგვთანხმდნენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტები მოინახულა.
მისი თქმით, ერთ-ერთმა დაშავებულმა, რომელიც კლინიკიდან დღეს დილით გაეწერა, გუდაურში დაბრუნება ითხოვა.
როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, გუდაურში მომხდარის შესასწავლად საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ. მისი თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან მიმდინარეობს, დღეს გვიან ღამით საქართველოში საექსპერტო კომპანია „ბიურო ვერიტასი“ ჩამოვა.
„ექსპერტებს ჩამოვიყვანთ, რომელთაც პროკურატურა გამოძიების პროცესში ჩართავს. ჩვენ ვთქვით, რომ დავამატებთ ერთ ან ორ საექსპერტო კომპანიას. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს. „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები გუდაურში, ალბათ, დღეს ავლენ, თუმცა მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, შეეხონ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შეუძლიათ, ვიზუალურად დაათვალიერონ ადგილი.
ტურისტული სეზონი გრძელდება, ერთ-ერთი დაზარალებული დილიდან გაეწერა და მან მოგვთხოვა აგვეყვანა.
კურორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ჩვენ შევთავაზეთ დაზარალებულებს, რომ მათ დავპატიჟებთ შემდეგ წელს და ისინი დაგვთანხმდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება დაშავებულების ოჯახის წევრებს, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ისინი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში დააბინავეს.
გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
სამედიცინო დაწესებულებებში რვა მათგანის გადაყვანა გახდა საჭირო, შვიდი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“ გადაიყვანეს.
ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მათგანი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.
დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
მომხდარზე შსს-მა გამოძიება დაიწყო.