დიმიტრი ქუმსიშვილი - დოლარიზაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა გამოწვევად რჩება
დიმიტრი ქუმსიშვილი - დოლარიზაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა გამოწვევად რჩება

დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი მონაცემები ფიქსირდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშივილმა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, 2015-16 წლები ლარის დევალვაცია ძალიან მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის.

„იმის გამო, რომ დოლარში იყო გაცემული სესხები, რეალურად ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ, რამაც შეუმცირა მათ განკარგვადი შემოსავალი და შესაბამისად, ეს სიღარიბის დონეზეც აისახა, ცხოვრების ხარისხზეც აისახა და ყველაფერზე, რაზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ყველა მეთოდით უნდა შევეცადოთ, რომ  მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული კურსზე და ვალუტის რყევებზე. 2018 წლის აპრილის მონაცემებით, დოლარიზაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 70 პროცენტიდან 62 პროცენტამდე, რაც ნიშნავს, რომ დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 29 პროცენტიდან 37 პროცენტამდე. სესხების ლარიზაცია გაიზარდა 34-დან 44 პროცენტამდე, ხოლო დოლარიზაცია შემცირდა 65-დან 55 პროცენტამდე.

„საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს ფიზიკური პირების დოლარიზაციის ნაწილში, რომელიც 2017 წლიდან დღემდე 58 პროცენტიდან 43 პროცენტამდე არის შემცირებული. თუმცა ის მაჩვენებელი, რომელიც 2015-2016 წლებში იყო და რყევა, რომელიც მოხდა ამ პერიოდში, ძალიან მტკივნეულად აისახა მოსახლეობაზე, მათ განკარგვად შემოსავლებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმას, რომელიც წარმოდგენილი იყო. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.