დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა
2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ აშშ. დოლარით) გაიზარდა, – ასეთია „საქსტატის“ მონაცემები.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ისტორიული მაქსიმუმია, აქამდე ყველაზე მაღალი შემოდინება 2014 წელს ფიქსირდებოდა და 1 818 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რასაც 44 მლნ აშშ დოლარით (2.4 პროცენტით) აღემატება 2017 წლის უცხოური ინვესტიციების შემოდინებები.
„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 497.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 89.1%-ით (234.3 მლნ აშშ დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2017 წელს მნიშვნელოვნად, 114%-ით (156.9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში და 294.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საფინანსო სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 98 პროცენტით (150.4 მლნ აშშ დოლარით) და 304.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების 61%-იანი ზრდა (71.5 მლნ აშშ დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 188.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე უძრავი ქონების და სასტუმროების და რესტორნების სექტორში. ინვესტიციების ზრდამ უძრავი ქონების სექტორში 68% (64.6 მლნ აშშ დოლარით მეტი), ხოლო სასტუმროების და რესტორნების სექტორში 58% (33.1 მლნ აშშ დოლარით მეტი) შეადგინა. ინვესტიციების მოცულობა აღნიშნულ სექტორებში კი, შესაბამისად 159.8 მლნ აშშ დოლარი და 90.0 მლნ აშშ დოლარი იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იზრდება ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელიც სოფლის მეურნეობას, სამთო მოპოვებით მრეწველობას, დამამუშავებელ მრეწველობას, ენერგეტიკასა და მშენებლობას მოიცავს. რეალურ სექტორში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 39.3%-ით (173.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და 615.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე.
მისი შეფასებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს, რაც სამომავლოდ, ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო პოზიტიურ გავლენას განაპირობებს.