პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, 35,5 პროცენტით შემცირდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, 35,5 პროცენტით შემცირდა

დაზუსტებული სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35,5 პროცენტით შემცირდა.

მთლიანობაში, შარშან, საქართველოში უცხოელმა ინვესტორებმა 1,265 მილიარდი აშშ დოლარი შემოიტანეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ასახელებს. ასევე, უწყების განმარტებით, უცხოური ინვესტიციით შექმნილი რამდენიმე კომპანია საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადავიდა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე აზერბაიჯანია – 246 მილიონი დოლარით (19.5 პროცენტი), მეორეზე – ნიდერლანდები 208 მილიონი დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 179 მილიონი დოლარით (14.1 პროცენტი).

ამასთანავე, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა – 271 მილიონი დოლარი, თუმცა ამ დარგში 2017 წელთან შედარებით ინვესტიციები 37 მილიონი დოლარით შემცირდა. მეორე ადგილზეა – მშენებლობის სექტორი 173 მილიონი დოლარით, ეს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა, ხოლო მესამე ადგილზეა – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 163 მილიონი დოლარით. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდი ვარდნა, სწორედ, ამ დარგში აღინიშნება და 361,9 მილიონი დოლარით ნაკლებია.

დატოვე კომენტარი