მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასა და დინამიკასთან საქმე არ გვაქვს
მამუკა ბახტაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასა და დინამიკასთან საქმე არ გვაქვს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასა და დინამიკასთან საქმე არ გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მიიჩნევს თუ არა, რომ მეტია გასაკეთებელი ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

მამუკა ბახტაძემ ინვესტიციების კლების სამ ფაქტორზე ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2017 წლის და 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას შორის ნახევარი მილიარდი დოლარის სხვაობაზეა საუბარი, საიდანაც ყველაზე მსხვილი კომპონენტი გაზის მილსადენია.

„ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია და ის წარმატებით დასრულდა. მეორე კომპონენტია, რომ ჩვენ ინვესტიცია კი არ შეგვიმცირდა, არამედ ადგილობრივმა რეზიდენტმა იყიდა ძალიან მნიშვნელოვანი წილი უცხოური რეზიდენტისგან. ვსაუბრობთ კონკრეტულ ტრანზაქციაზე, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში არ აისახება, როგორც ინვესტიციების შემოსვლა, პირიქით. მესამე ეს არის, თავის დროზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც იყო რეალიზებული საქართველოში, მასზე მოხდა ვალდებულების შესრულება და გატანა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საქმე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასთან და დინამიკასთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რა თქმა უნდა, საქართველოს მეტი უცხოური ინვესტიცია სჭირდება.

„მე ვარ ერთსულოვანი პათოსის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში შეიქმნა რესურსი, რომ იზრდება ინვესტიციები. საერთო ინვესტიციები შარშან პირველი სამი კვარტლის განმავლობაში იმიტომ გაიზრდა, რომ ქვეყანაში გაჩნდა ამის რესურსი, მათ შორის რესურსის გაჩენა უზრუნველყო რეფორმებმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებს, რომლის დეფიციტი, პრემიერის თქმით, საქართველოში ისტორიულად არსებობდა.

„შესაბამისად, ჩვენ გვინდა, მაქსიმალური აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე, სექტორებზე, რომელიც მაღალტექნოლოგიურია, რომ მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ თვალსაზრისით საჭიროა ახალ იდეებზე მუშაობა და ერთ-ერთი მათგანი არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო კომპანიების საქმიანობისთვის მეტი სტიმულის მიცემას გულისხმობს.

„არსებობს სექტორები, სადაც ჩვენ მეტი ძალისხმევა და მეტი ენერგიის მიმართვა გვმართებს. პირველ რიგში,  გამოვყოფდი ენერგეტიკას. რაც შეეხება ენერგეტიკას, აქ მეტი ტემპი შეგვიძლია, გვქონდეს და დარწმუნებული ვარ, გვექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.