ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან განხორციელდა
ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან განხორციელდა

საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის უცხოური ინვესტიცია 2017 წელს აზერბაიჯანიდან განხორციელდა და ამ მაჩვენებელმა 482.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, მეორე ადგილზეა თურქეთი – 279 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით, მომდევნოზე კი – გაერთიანებული სამეფო 250.4 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით.

„პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს 1 861.9 მლნ  აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით გაიზარდა. 2017 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი, ხოლო მესამეზე მშენებლობა, სადაც შესაბამისად, ინვესტიციების 16.3 და 15.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა“, – განაცხადა მიქაბაძემ.

მისი თქმით,  გასული 2017 წლის განმავლობაში, რეინვესტირების 129.6 პროცენტიანი ზრდა იყო, რამაც მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა.