დიმიტრი პესკოვი - რუსებმა უნდა გაიგონ, რომ მათთვის საქართველოში მოგზაურობა საშიშია
რუსებმა მკაფიოდ უნდა გაიგონ, რომ მათთვის საქართველოში მოგზაურობა საშიშია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობისას განვითარებულ მოვლენებზე.
„საქართველოში წასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია. მე თავს შევიკავებდი დიფერენციაციისგან. საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც იქ იყვნენ. იქ მხოლოდ პოზნერი ხომ არ იყო“, – განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის განცხადებაზე.
„ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები. ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას“, – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ კრემლი მადლობელია ქართველი პოლიციელების, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.
ბოლოს კი პესკოვმა აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, პოზნერმა დაბადების დღე სახლში, სიმშვიდეში აღნიშნოს.
„ვულოცავთ პოზნერს დაბადების დღეს. უკეთესია ის სახლში აღნიშნოს. აქ უფრო სიმშვიდეა”, – განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.
აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა. ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.