დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეთა კონფერენციაზე ყველა მოსამართლემ ერთხმად დაუჭირა მხარი, რომ ე.წ. ვეტინგი საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია 
დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეთა კონფერენციაზე ყველა მოსამართლემ ერთხმად დაუჭირა მხარი, რომ ე.წ. ვეტინგი საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია 

მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ყველა მოსამართლემ ერთხმად მხარი დაუჭირა 2024 წლის 11 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ე.წ. ვეტინგთან მიმართებაში, რომ ეს პროცედურა საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ეფუძნება იმას, რომ სათანადო წინაპირობები ამ ექსტრაორდინარული პროცედურისთვის, როგორიც არის ე.წ. ვეტინგი, არ არსებობს საქართველოში, განსხვავებით, მაგალითად, უკრაინისგან, ალბანეთისა და უკვე მოლდოვისგან, სადაც ეს პროცედურა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე წელია, დაახლოებით  ცხრა წელია, მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს, მაგალითად, ალბანეთში. ალბანეთის შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ იყო საყოველთაო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში სისტემური კორუფცია იყო. თვითონ გამოკითხული მოსახლეობაც და თავად მოსამართლეებიც კი, 58 პროცენტი, თუ არ ვცდები, მიუთითებდა, რომ სასამართლოში არის კორუფცია და სასამართლო უნდა დაექვემდებაროს რეფორმირებას. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის.

მიკერძოებული სუბიექტების, როგორიცაა, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, რომელსაც „კაპიტანი გიგაურის კვლევა” დავარქვით, ამგვარი სუბიექტების მიერ ჩატარებული კვლევების გარდა, არსებობს რეალური, ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები, როგორებიც არიან, მაგალითად, „იპსოსი“, „ჰერითიჯი“ და ა.შ. ანუ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია და მყარი მონაცემები, რომ საქართველოს საერთო სასამართლო სისტემებში არის იმგვარი მასშტაბის კორუფცია, რომ საჭიროებდეს ექსტრაორდინარულ პროცედურას, რაც არის „ვეტინგი“.

თვითონ ვენეციის კომისიამ როდესაც შეაფასა, როდესაც მსჯელობდა ალბანეთში ვეტინგის განხორციელების თაობაზე, თქვა, მიუთითა, რომ ეს პროცედურა, რომელიც უდიდეს დაძაბულობას იწვევს სასამართლო სისტემაში და ქმნის მისი პარალიზების საფრთხეს, არ უნდა იქნეს სხვა ქვეყანაში გამოყენებული, თუ კორუფციას იმავე მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, რაც არის ალბანეთში.

ჩვენი პოზიცია ამას ეფუძნება. ეს ჩვენი აკვიატება არ არის, არც შიშის გამოხატულებაა. აქ აპელირებენ, რომ თითქოს ჩვენ რაღაცის გვეშინია. ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენ რომ რამის გვეშინოდეს, ელემენტარულად, მოსამართლეები არ ვიქნებოდით საქართველოში. აქ საუბარია არგუმენტირებულ პოზიციაზე და ევროკავშირი როდესაც თავის რეკომენდაციაში მიგვითითებს, რომ „ვეტინგის“ განხორციელება არის აუცილებელი, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ჩვენთვის. იქიდან გამომდინარე, რომ იმგვარი მოცემულობა, რაც იყო, მაგალითად, ალბანეთსა თუ უკრაინაში, რაც თვითონ ევროკომისიის ანგარიშებშიც აღიარებული იყო, რომ კორუფცია იყო ყოვლისმომცველი სასამართლოებში უკრაინისას და ალბანეთისაც, ამიტომ დაუშვა იქ „ვეტინგი“ კანონმდებლობის დონეზე. შემდგომ ვენეციის კომისიამაც, როგორც გამონაკლისი, მიიჩნია, რომ ეს იყო აუცილებელი. თუმცა იმავე სახის დასკვნები არც ევროკომისიის და არცერთი სხვა ავტორიტეტული სუბიექტის მიერ, რომლებსაც ძალუძთ, ობიექტურად ჩაატარონ კვლევა, ასეთი მონაცემები საქართველოსთან მიმართებაში დადებული არ არის“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.