დიმიტრი გვრიტიშვილი - არამოსამართლე წევრების არჩევა აუცილებელია არა იმიტომ, რომ საბჭო ვერ ფუნქციონირებს, არამედ იმის გამოც, რომ ეს საკითხი სასამართლო ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმის საფუძველია
დიმიტრი გვრიტიშვილი - არამოსამართლე წევრების არჩევა აუცილებელია არა იმიტომ, რომ საბჭო ვერ ფუნქციონირებს, არამედ იმის გამოც, რომ ეს საკითხი სასამართლო ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმის საფუძველია

არამოსამართლე წევრების არჩევა აუცილებელია არა იმ თვალსაზრისითა, რომ საბჭო ვერ ფუნქციონირებს, საბჭო აბსოლუტურად გადაწყვეტილებათუნარიანია, ყველა აუცილებელ გადაწყვეტილებას, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს დაუბრკოლებლად, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, საკითხი პრობლემური იმ თვალსაზრისითაა, რომ მუდმივი კრიტიკის და სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმის საფუძველია.

„ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ჩვენს უფლებამოსილებას დაუბრკოლებლად ვასრულებთ და საბჭო ყველა აუცილებელ გადაწყვეტილებას იღებს იქ არსებული წევრების შემადგენლობით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, გავლენა ყველას აქვს. თავის დროზე, როდესაც რეფორმის შედეგად საბჭოს ეს მოდელი შეიქმნა, მოსამართლე წევრები პლუს არამოსამართლე წევრები გაკეთდა იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა ისმოდეს საბჭოში. ჩვენ გვქონია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არამოსამართლე წევრებიც ერთხმად დასთანხმებიან მოსამართლე წევრების ინიციატივას და საბჭოს 15-ვე წევრის შემადგენლობით მიუღია ესა თუ ის გადაწყვეტილება, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები დანიშვნა-დაწინაურებასთან დაკავშირებით. ამიტომ ყველა წევრის მონაწილეობას რაღაც მნიშვნელობა აქვს, ელემენტარულად იმის გამო, რომ ისინი დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებენ. ყოველთვის გვესმოდა უსაფუძვლო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს დაგეგმილი იყო საბჭოს ამა თუ იმ წევრის არჩევა თუ გამოყვანა და არსებული წევრის ახლით ჩანაცვლება“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ცვლილება, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას არ დააკნინებს და ხელს შეუწყობს სისტემურ გაჯანსაღებას, მისაღები იქნება“.

„ამ ცვლილებების აბსოლუტური უმეტესობა, რასაც მე გავეცანი, სასამართლოს სისტემურ გაჯანსაღებას ხელს უწყობს და სასამართლოს დამოუკიდებლობის დამაკნინებელი არ არის“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.