დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ არ უნდოდა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ „საქნახშირი“, თავის დროზე არ უნდა შეეძინა
ყველამ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს, რადგან თუ არ უნდოდა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ „საქნახშირი“, თავის დროზე არ უნდა შეეძინა, თუ შეიძინა, შესაბამისად, ადამიანის უფლებებს უნდა გაფრთხილებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადება მინდელის სახელობის შახტის დახურვასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო.
„ვფიქრობ, რომ არავის უნდა მივცეთ საშუალება, პასუხისმგებლობას გაექცნენ. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, 11 ადამიანი დაიღუპა. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ მეშახტეებს მოტეხილობები და სხვა სახის დაზიანებები აქვთ, უბრალოდ ეს არ ხმაურდება. შესაბამისად, პრემიერის განცხადება შახტის დახურვასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო.
ცალკე საკითხია, ვის მფლობელობაში დარჩება თუ გადავა ესა თუ ის ობიექტი. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, მოგეხსენებათ, წელს უკვე მივიღეთ შრომის უსაფრთხოების კანონი. ახლა ვამზადებთ კანონს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს, მათ შორის მომსახურების, საჯარო სექტორის სფეროს და ასე შემდეგ. სრულყოფილი კანონის მისაღებად, სახელმწიფოს მონიტორინგის საშუალება უნდა მიეცეს, რათა მიღებული კანონით სანქციების აღსრულების საშუალება ჰქონდეს. ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო სექტორთან ამაზე საუბარს, რომ ერთობლივად მივიღოთ ოპტიმალური კანონი, იქნება ქმედითი, დაიცავს ადამიანის უფლებებს და არ დაარღვევს ბიზნესინტერესებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.