დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილება ბოლომდე საჯარო უნდა იყოს
დამოუკიდებელ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილება ბოლომდე საჯარო უნდა იყოს.
ცქიტიშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებულ იმ ცვლილებას გამოეხმაურა, რომლის გათვალისწინებით, იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევაზე გადაწყვეტილება ღია კენჭისყრით მიიღება, მაგრამ საბჭოს წევრს მისი გასაჯაროების უფლება არ ექნება. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გარკვეულწილად, ცვლილებების ბოლო ვერსია დაუახლოვდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს – კენჭისყრის ღიაობასა და გასაჩივრების უფლებას, თუმცა მაინც არის ზოგადად, პროცესის არასაჯაროობა.
„პირადად მე, ეს მაფიქრებინებს, რომ რჩება თვითგადარჩენის მექანიზმი, რომელიც შეთანხმების შემთხვევაში, მაინც არასწორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული. საჯაროობა აუცილებელია მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს რეპუტაციული კრიზისი და საზოგადოება უნდა ხედავდეს, გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდება. ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯარო და არგუმენტირებული“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.