დიმიტრი ცქიტიშვილი - „ევროპული საქართველოს“ პერიოდულად განახლებად დასკვნაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით კომისიაზე ძალიან ბევრი ტყუილია და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროცედურულადაც კი ტყუილებს გვეუბნებიან, – ასეთი კომენტარი გააკეთა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომისიის სხდომებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ ესწრებიან.
მისი თქმით, კომისიის მუშაობის გრაფიკი არ არის ყოველთვის ისე შეთანხმებული, რომ „ქართული ოცნების დეპუტატებს მუდმივად ჰქონდეთ დასწრების საშუალება.
„გრაფიკი ისე შეთანხმებული არ არის, რომ ჩვენ მუდმივად დასწრების საშუალება გვქონდეს. თუნდაც დღეს დაგვიანება გამოწვეული იყო არა იმით, რომ არ გვინდოდა მოსვლა, არამედ იმით, რომ სხვა აქტივობები იყო დაგეგმილი. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ტყუიან, ამაზე აპირებენ ქულების დაწერას და ჩვენს დისკრედიტაციას“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, კომისიის მიერ, რომლის უმრავლესობას „ევროპული საქართველო“ წარმოადგენს, ნაწილ-ნაწილ წარდგენილ დასკვნაში არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
„მათ მიერ ნაწილ-ნაწილ წარმოდგენილ და პერიოდულად განახლებად დასკვნაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის. მათ აღწერითი ფორმები აქვთ, ხშირ შემთხვევაში, ბელეტრისტიკა და გაზვიადებულია. მეორე მხრივ, რეკომენდაციები არა ანალიზზე დაფუძნებით აქვთ შემუშავებული, არამედ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგზეა დამყარებული. ანუ პოლიტიკური პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რომელიც ამ საქმეში და კომისიის საქმიანობაში პრაქტიკულად არ გამოიკვეთა. ყოველ შემთხვევაში, მათი ბრალეულობის და ჩართულობის მტკიცებულებები არ გამოიკვეთა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შესაბამისად, მისი შეფასებით, თუ არ არსებობს აღნიშნული ურთიერთბმა, დასკვნა ობიექტური არ არის.
„ჩვენი ოპონენტების მხრიდან საქმე ამასთან გვაქვს. გვაქვს ყველა საფუძველი, შევაფასოთ რა ინფორმაციაც მივიღეთ, რაც საქმის მასალებშია და ის, რაც კომისიის ფარგლებში დავადგინეთ და შევისწავლეთ. ჩვენი შეხედულებები აქედან გამომდინარეობს, არის კრიტიკული, ობიექტური და რაც მთავარია, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გათავისუფლებული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მან თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რა წერია კონკრეტულად უმრავლესობის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ დასკვნაში.
„პირველ რიგში, კოლეგიალურად, დოკუმენტი ჯერ კომისიის წევრებს, ჩვენს ოპონენტებს უნდა გავაცნოთ. დღეს იქნება თუ ხვალ, დადგება დრო, როცა ამის გასაჯაროებას დავიწყებთ. კონსპირაცია, შეთქმულების თეორიები, რომელზეც საუბარი ზოგადად იყო, ამ გამოძიების შედეგად არ დგინდება. რაც იკვეთება და, რაზეც ჩვენს დასკვნაშია საუბარი, არის ის, რომ შესაძლოა, გარკვეული საგამოძიებო პროცესები არ იყო სწორად წარმართული. ამან ხშირ შემთხვევაში, პროკურატურის პოზიცია დაასუსტა“, – აცხადებს დეპუტატი.