დიმიტრი ცქიტიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება რომ ხარვეზებით მიმდინარეობდა, პარლამენტმა დაინახა და დადგენილებაც მიღებულია
ის, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობდა, პარლამენტმა დაადგინა, დაინახა და ამის შესახებ დადგენილებაც მიღებულია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის შეფასებისას.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, პირველ რიგში, სახალხო დამცველის ანგარიშს ბოლომდე უნდა გაეცნონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად გავაანალიზოთ ის ანგარიში, რომელიც წარმოდგენილია. რაც შეეხება ხორავას ქუჩის საქმეს, აქ ვფიქრობ, გარკვეული თანხვედრაც კი შეიძლება იყოს იმ დადგენილებასთან, რომელიც პარლამენტმა ამ საქმესთან დაკავშირებით მიიღო. ფაქტია, რომ ჩვენს შემთხვევაშიც, საგამოძიებო მოქმედებების გარკვეული ხარვეზები დავინახეთ. მაშინ რეკომენდაცია გავეცით, საგამოძიებო სტრუქტურები დაინტერესდნენ და შესაბამისად, შეისწავლონ და ნახონ, იყო თუ არა სამსახურებრივი გადაცდომა ან გულგრილობა, ან სხვა სახის დანაშაული გამოძიების შემთხვევაში“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი. ომბუდსმენი ხორავას ქუჩის საქმეს 2018 წლის წლიურ ანგარიშში მიმოიხილავს, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა დამნაშავე.