დიმიტრი ცქიტიშვილი - ახალი გარემოება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში დავინახეთ, პირველად გამოძიებაში არ იყო
დიმიტრი ცქიტიშვილი - ახალი გარემოება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში დავინახეთ, პირველად გამოძიებაში არ იყო

დროებით საგამოძიებო კომისიას გუშინდელი დღის ბოლოს სრული საფუძველი ჰქონდა იმისა, რომ გაეკეთებინა განცხადება, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების შესახებ, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, საფუძვლიანი ეჭვი ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში მოწმეების გამოკითხვის შედეგად გაჩნდა.

„ასეთი განწყობა და საფუძვლიანი ეჭვები უკვე გაჩნდა, გამომდინარე ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში მოწმეების გამოკითხვის და იმ დასკვნების შედეგად, რომლის შედარებაც მოხდა საქმეში არსებულ მასალებთან. ვფიქრობთ, სიახლე იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის. კომუნიკაცია შედგა და შედგება კიდევ უფრო მეტად შსს-თან. როგორც აღმოჩნდა, მათაც აქვთ გარკვეული სიახლეები ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რა ახალ გარემოებაზეა საუბარი დეპუტატმა, არ დააკონკრეტა.

„ახალი გარემოება, რომელიც დავინახეთ, ჩვენთვის თვალსაჩინო იყო, რომელიც არ იყო პირველად გამოძიებაში. აღმოჩნდა, რომ შსს-ს უკვე აქვს ამაზე გარკვეული მონაცემები და სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თან განსაკუთრებულად სენსიტიურია, რადგან არასრულწლოვანებს ეხება, ყველა ფიგურანტი არასრულწლოვანია და ამიტომ რთულია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ამ სიახლემ გამოსაკითხ პირთა სია გააფართოოს, დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვან გაფართოებას არ ელოდება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ კომისიამ გამოკითხვების შედეგად, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოკვეთა, რომელის შესახებაც შსს-ს მიაწვდიან ინფორმაციას და რეაგირებას დაელოდებიან.

ამასთან, მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს.