დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დასმულ კითხვებზე მაუწყებლის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ძალიან არ მოსწონს
დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დასმულ კითხვებზე მაუწყებლის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ძალიან არ მოსწონს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მისი გაკვირვება გამოწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის დამოკიდებულებამ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხილვის დროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დასმულ კითხვებს მოჰყვა.

ამასთან, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მაუწყებლის ფუნდამენტური რეფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა „ძალიან არ მოსწონს“ მაუწყებლის ადმინისტრაციიდან გაჟღერებული დამოკიდებულება.

„პირველ რიგში მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმა, რომ მართლაც გახდეს ყურებადი და საზოგადოებისთვის ძალიან ეფექტური, ობიექტური ინფორმაციის წყარო.

სამუშაო ჯგუფში მიმდინარე კონსტრუქციული საუბრისა და დიალოგის მიუხედავად, ძალიან მიკვირს და ძალიან არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომ გუშინწინ მაუწყებლის ადმინისტრაციიდან გაჟღერდა. მათ რატომღაც ის კითხვები, რომლებიც უმრავლესობის და თუნდაც, პარლამენტის მხრიდან ისმება, წარმოადგინეს რატომღაც ისე, თითქოს რაღაცა სარედაქციო პოლიტიკის მიმართ იყოს დამოკიდებული, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. მე მგონი, ძალიან ლეგიტიმურია და ვალდებულებაც კი გვაქვს, ეს კითხვები დავსვათ და ძალიან მკაფიოდ გამოვკვეთოთ ის პროცესი, რომელიც არის, ყველა კითხვა მოვხსნათ დღის წესრიგიდან, რადგან იყო ძალიან ტრანსფარენტული ეს პროცესი თავიდან ბოლომდე“,-აღნიშნა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ცქიტიშვილის მიერ კანონპროექტის განხილვის დროს დასმულ კითხვებს, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, სტარტაპების თემა ბოლომდე ვერ გაიგო.

„სტარტაპი მგონია უფრო მაინც ექსპერიმენტული, სტიმულირების მექანიზმი, რომელიც ამჯერად, ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ფუნქცია არ არის.

სტარტაპის შედეგად იქმნება, როგორც წესი, სარისკო პროდუქცია, ყოველთვის მომგებიანი და მაღალხარისხიანი არა. ამის დანიშნულება არ არის, ყოველთვის შექმნას პროდუქცია, რომელიც იქნება მომგებიანი, არამედ სხვა ირიბი ფაქტორებიც არის. ამიტომაც, ეს არის უფრო ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკის ნაწილი და ამ კუთხით შესაძლოა, ჩვენ სტარტაპების დაფინანსებით ვერ მივიღოთ ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ცალსახად სჭირდება მაუწყებელს, რათა გახდეს ყურებადი და მაღალრეიტინგული, რაც ყველაზე დიდი ნაკლია.

ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე, სტარტაპების რისკის ფუფუნება არ აქვს მაუწყებელს და ამაზე როგორ შეიძლება ჩამოვყალიბდეთ“,-აღნიშნა ცქიტიშვილმა.