დიკ დურბინი - უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ გააერთიანა ბევრი ერი, ამას უერთდება საქართველოც, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ნაწილია ამ ძალისხმევის, რომელსაც მხარს დავუჭერთ
დიკ დურბინი - უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ გააერთიანა ბევრი ერი, ამას უერთდება საქართველოც, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ნაწილია ამ ძალისხმევის, რომელსაც მხარს დავუჭერთ

რუსეთის არაპროვოცირებულმა, უსამართლო შეჭრამ უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ გააერთიანა ევროპის ბევრი ერი, ამას უერთდება საქართველოც და ევროკავშირის წევრობაზე მისი განცხადება ამ ძალისხმევის ნაწილია, პირობას ვდებთ, რომ მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, დიკ დურბინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აფასებენ ქართველი ხალხის მოქმედებას უკრაინის დასახმარებლად.

„აქ ჩამოვედით მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან და მინდა, აღვნიშნო, რომ წელს დიდი დასწრება იყო, განსაკუთრებით ჩვენი კონგრესმენები და სენატორები უპრეცედენტო რაოდენობით ესწრებოდნენ ამ კონფერენციას. განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი ნატო-ს ალიანსთან დაკავშირებით და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა უკრაინის დახმარებაზე, თუ როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ, რომ მოიგერიონ ეს აგრესია. რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის ზუსტად წლისთავზე და ამის, ასე ვთქვათ, აღსანიშნად პრეზიდენტი ბაიდენი მოულოდნელად ეწვია უკრაინას, კიევს და ეს იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმ მტკიცე მხარდაჭერისა, რასაც ჩვენ ვუცხადებთ უკრაინის თავისუფლებას.

ჩვენ გვინდა, აღვნიშნოთ და დავაფასოთ ქართველი ხალხის მოქმედება უკრაინის დასახმარებლად, პირველი, გენერატორებით უზრუნველყოფა, რაც თავად უკრაინელების მოთხოვნა იყო, მათ ეს სჭირდებოდათ, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღება. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ერთ-ერთ მათგანს და მართლაც ძალიან გულსატკენი ამბები მოგვიყვა, რისი გავლა მოუწია მის ოჯახს რუსეთის ასეთი აგრესიული და სასტიკი თავდასხმების შედეგად.

რუსეთის არაპროვოცირებულმა, უსამართლო შეჭრამ უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სიმამაცემ, წინააღმდეგობის გაწევამ გააერთიანა ევროპის ბევრი ერი, ამას უერთდება საქართველოც და მისი აპლიკაცია, განცხადება ევროკავშირის წევრობაზე არის ნაწილი ამ ძალისხმევის. ჩვენ, ჩვენის მხრივ, პირობას ვდებთ, რომ მხარს დავუჭერთ ამ ძალისხმევას. მესამედ ვიმყოფები საქართველოში და იმედი მაქვს, ასევე დავბრუნდები მომავალში. ყოველ ჯერზე ჩემზე ძალიან დიდ გავლენას და შთაბეჭდილებას ახდენს შესანიშნავი ქართველი ხალხი, რომელიც მედგრად დგას სხვადასხვა გამოწვევის წინააღმდეგ, მტრის წინააღმდეგ, ტერიტორიის მიტაცების, სხვადასხვა პროვოკაციის წინააღმდეგ და აქვს განვითარების მტკიცე სურვილი“, – განაცხადა დიკ დურბინმა.