სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უნდა იყოს დაცული და გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება
სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები უნდა იყოს დაცული და გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება

ნებისმიერ ადამიანს, რა ბრალდებაც არ უნდა იყოს მის მიმართ წაყენებული, ვთქვათ პრეზიდენტ სააკაშვილის მაგალითზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და დიკ დურბინმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აუცილებელია ყველას უფლება დაცული იყო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის.

ამასთან, სენატორებმა აღნიშნეს, რომ მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა არის ის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა.

„ევროკავშირის რეკომენდაციებში არის პირობა, განსაკუთრებით, მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები, ეს არის ძირითადი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, იმუშაონ თავიანთი პროფესიით და აწარმოონ საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ასევე, ეს შეეხება იმას, რომ ოპოზიციის წევრებსა და ოპონენტებს არ უნდა აპატიმრებდნენ. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანს, რა ბრალდებაც არ უნდა იყოს მის მიმართ წაყენებული, ვთქვათ პრეზიდენტ სააკაშვილის მაგალითზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

სენატორ დიკ დურბინის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

„მიხეილ სააკაშვილს პირადად ვიცნობ. მის სიტუაციას ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. არ მაქვს ინფორმაცია სამართლებრივი ბრალდებების შესახებ, რაც მის წინაშეა, ასევე არც სამედიცინო კუთხით ვარ ექსპერტი, რომ ამაზე ვისაუბრო, თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისკენ, მისი უფლებების დაცვისკენ. მას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა დიკ დურბინმა.

სენატორებს ასევე ჰკითხეს, რატომ ეთქვათ უარი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულებაზე.

„ვიზიტი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მას ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა დიკ დურბინმა.